ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს განიხილავს.
“არ ვიცი რამდენად აცნობიერებენ ოპოზიციის ლიდერები იმ ფაქტს, რომ მიმდინარე მოვლენების მიმართ მათი დამოკიდებულება და რეაქციები დიდი ხნის განმავლობაში გახდის შემდგომ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიურობას კატასტროფულად დაბალს. მომაკვდინებელი ნიჰილიზმი, სწორედ ეს არის რუსული სპეცოპერაციის მთავარი მიზანიც.
რამდენადაც არაპრაგმატულად უნდა ჟღერდეს, მთავარი, ბაზისური ღირებულებებისაგან სრულიად დაცლილი პოლიტიკური კონგლომერატი ვერასოდეს მოუგებს ბრძოლას იდეოლოგიას, რომელიც შესაძლოა პრიმიტიული და უგვანია, მაგრამ სამაგიეროდ მწყობრი და ბრძოლისუნარიანია.
სსრკ-ს ნურავინ მოიყვანს მაგალითად, რადგან საბჭოთა სისტემას მაშინ მწყობრი, ღირსებასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დასავლური იდეოლოგია დაუპირისპირდა, რომელიც მტრის განადგურების შემდეგ სრულიად დეგრადირდა და გაიხრწნა.
დასავლური სამყარო ამჟამად ვერც კი აცნობიერებს, თუ რა ზეგავლენა ექნება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თუნდაც ევროპის მომავალზე და რომ დემოკრატიის სახელით მოქადაგე მათი ენით აუწერელი ცინიზმი საკუთარ ქვეყნებში საბოლოოდ ქაოსად მოევლინება. ეს უკვე მოხდა მსოფლიოში და თან არაერთხელ.
მსოფლიოზე ჩვენ ვერ ვიდარდებთ, თუმცა მსოფლიო კონტექსტიდანაც ვერ ამოვგლეჯთ საკუთარ თავს. თუმცა ის მაინც შეგვიძლია ალბათ, რომ ენდემური პრაგმატიზმი და იდიოტიზმი არ ავურიოთ ერთმანეთში. თუმცა, შეგვიძლია კი?…”, – წერს ზურაბ გურული ფეისბუქში.