“ქართული ოცნებიდან” წამოსულა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მმართველი პარტიის დატოვების მიზეზებზე ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში ისაუბრა. ყაველაშვილის განცხადებით, მიზეზი გარკვეულ თემებზე ღიად საუბრის შესაძლებლობის ქონაა და ეს ერთჯერადი პროექტი არ არის.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მან, დიმიტრი ხუნდაძემ და სოზარ სუბარმა იმიტომ დატოვეს პარტია, რომ არ ჰქონოდათ პარტიული შეზღუდვა და არც “ქართული ოცნების” მიმართ ყოფილიყო კითხვები.
ყაველაშვილმა უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან ომში ჩართვისკენ პირდაპირი მოწოდებები გაიხსენა.
“ეს ინფორმაციები რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა. დაახლოებით 2 თვით ადრე ირაკლი კობახიძემ გვითხრა, რომ კანდიდატის სტატუსი სპეციალურად არის, ვერ მიაღწიეს იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა მეთოდებით ჩავერთეთ უკრაინის ომში. გახსოვთ უკრაინის პრემიერის განცხადებები, გამოსვლები, ზელენსკის ჩართვა, მთელი ეს პროცესი, ლაპარაკობდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები, პარლამენტის წევრის, ვიღაც გონჩარენკოს პირდაპირ მოწოდება ქილიკით, ხომ არ არის დრო რომ გაისეირნოთ, რომელსაც პასუხი გავეცი. თითქოს ნამუსზე აგდება, ქართველებს ომი, ამ სიტუაციის ჩვენთან აგორება.” – აღნიშნა ყაველაშვილმა.
როგორც მან თქვა, ეს გადაწყვეტილება მიიღო, ორ სხვა დეპუტატთან ერთად იმიტომ, რომ თუნდაც ახლა სამიტზე და ვიზიტების დროს პრემიერისთვის არავის ეთქვა, რომ რატომ საუბრობს ასე მისი პარტიის წევრი.
მისივე თქმით, სტატუსის საკითხამდე დაახლოებით 2 კვირით ადრე უკვე იცოდნენ, რომ რადგან „ომში ჩართვა ვერ მოახერხეს ქვეყნის, სტატუსის საკითხს შემოიტანდნენ“
მისი თქმით, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საღი შეფასება გააკეთა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისი თქმით, ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, თუ მას რაიმე ინტერესი და ზეწოლა არ აქვს ვინმეს მხრიდან, არსებული პროცესები მსგავსად უნდა შეაფასოს.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიარტომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “თავისუფალი ხედვა” განაცხადა, რომ ვერ ხედავს ლოგიკას ამ გადაწყვეტილების უკან, რაც ევროკავშირმა განახორციელა, მხოლოდ ორმაგ სტანდარტს უკავშირდება და ლოგიკური იქნებოდა, კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ სამივე სახელმწიფოსთვის და არ განესხვავებინათ ისინი.
28 ივნისს სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს.
