LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ისეთი ამბავია, ერთდროულად გაგაბრაზებს და გაგამწარებს“ – ქალს, რომელსაც საქართველოში მეოთხე სტადიის მელანომისა და სწორი ნაწლავის მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზები დაუსვეს, საფრანგეთში არც ერთი არ დაუდასტურდა და პოლიპზე უმკურნალეს

1955
ექიმი

ქართველი მწერალი, ლელუკა ლაშხი, რომელიც საფრანგეთში, პარიზში ერთ-ერთ კლინიკაში მერიის სამედიცინო კულინარიული სექტორის ხელმძღვანელად მუშაობს, სოციალურ ქსელში შემზარავ ინფორმაციას გვიზიარებს.

როგორც ლელუკა წერს, მათ კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში ქართველი ქალი აღმოჩნდა, რომელსაც საქართველოში მეოთხე სტადიის მელანომისა და სწორი ნაწლავის მესამე სტადიის სიმსივნის დიაგნოზები დაუსვეს. ამასთან, ქალი თურქეთსა და საქართველოში სწორედ ამ დიაგნოზებს მკურნალობდა.

როგორც ლაშხი აღნიშნავს, სინამდვილეში ქართველ პაციენტს არცერთი დიაგნოზი არ დაუდასტურდა და პოლიპზე უმკურნალეს.

„ისეთი ამბავია, ერთდროულად რომ გაგაბრაზებს და გაგამწარებს.

ჩემი სამი კლინიკიდან ერთ-ერთში ე.წ. სეფსის სექტორია განთავსებული.

შესვენების შემდეგ დამირეკა მდივანმა, მადამ გალერის თქვენი ნახვა უნდაო. არ ვიცოდი ვინ იყო ეს ქალი და კადრებში მოვიძიე ინფორმაცია. სეფსის-ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ყოფილა. რომ ავედი მისი ასისტენტი დამხვდა. თვითონ ოპერაციაზე.

რეანიმაციაში ქართველი ქალი ჰყოლიათ, ვერცერთ სხვა ენაზე ვერ ლაპარაკობს და გუგლით ვერაფერს გვაგებინებს, თუ შეძლებ დაგვეხმარეო.

არც დავფიქრებულბარ.

ახლა მოკლედ დავწერ და გავრცობისგან თავს შევიკავებ უბრალოდ.

ეს ქალი ორი დიაგნოზითაა. მთხოვა სახელი და გვარი არსად მივუთითო ჯერჯერობით, მაგრამ ამ ამბავს ასე არ დავატოვებინებ!

მეოთხე სტადიის მელანომა და სწორი ნაწლავის სიმსივნე მესამე სტადია.

მელანომაზე მკურნალობდა ორი წელი საქართველოში და თურქეთში. ნაწლავის სიმსივნე 7 თვის წინ დაუდგინეს და ოპერაცია ჩაუტარდა.

ნათესავის ქმარმა უთხრა, მე დაგხვდები პარიზშიო. ის ბედოვლათი დაუჭერიათ იმ დილას, ეს ქალი რომ ჩამოდიოდა საღამოს.

რასაკვირველია არცერთი არ დაუდასტურდა და ოპერაცია ჩაუტარდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პოლიპების გამო, რომელიც სრულიად უწყინარიაო ექიმმა. სავარაუდოდ პოლიპი იყო სწორ ნაწლავზეცო.

რაც შეეხება მელანომას, პაციენტს ჰქონია თანდაყოლილი ხალი ბარძაყის არეში, რომელიც ბათუმში, პლაჟზე დაიზიანა და ესთეტიკურ ცენტრში „უმკურნალეს“. ერთ-ერთ დიდ და სახელგანთქმულ კლინიკაში ავთვისებიან მელანომად შერაცხეს, სახლ-კარი გააყიდინეს და პრევენციას შეუდგნენ ხან იქ და ხან თურქეთში, მათ მიერ რეკომენდირებულ ექიმებთან.

ამიხსნეს, რომ ხალის მორფოლოგია დაირღვა, იმ შემთხვევის დროს და რადგან სუსტი იმუნური სისტემა ჰქონდა იწვევდა მის გარკვეულ დეგრადაციასო.

დაახლოებით 200 ადამიანი მყავს მე პირადად გაცნობილი, დაბინავებული და „გზაზე დაყენებული“, რომლებიც პირდაპირი გაგებით გამოექცნენ სიკვდილს!

კი, ეს ქალი გადარჩა და კიდევ უკეთესად იქნება მალე. ხვალაც ავალ და მოვინახულებ, დავუტოვე ჩემი კონტაქტები.

მაგრამ რამდენი ადამიანია, ვისაც არ აქვს აქ ჩამოსვლის არანაირი გზა და ხოცავთ ცხოველებივით!

ან რა ფიცი დადეთ ასეთი, ამ რით ვეღარ გეყოთ სხვისი უბედურებით აშენებული აგარაკები?!

რამხელა უსამართლობაში ცხოვრობს ქვეყანა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებთ!“ – წერს ლელუკა ლაშხი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g