LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე ისევე მეშინია დღევანდელი ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების, მათ რომ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ, ან გადაგვაგდონ: ვახტანგ მეგრელიშვილი

102
FORTUNA.GE- (2)

“ოპოზიციამ გავაფორმეთ შეთანხმება, რომ თუ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, რაც დღეს ხდება ნიკა მელიას თავს ან გიორგი რურუას თავს, ეს აღარ მოხდებოდა და ერთმანეთს აღარ დავიჭერდით.” – პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრის დროს თქვა, რომ ახლა ისევე ეშინია ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების.

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, “გირჩის” მსგავს პარტიას მანამდე ყველა დაიჭერდა, ამისთვის კი “ქართული ოცნების” მადლიერია:

“მე ისევე მეშინია დღევანდელი ოპოზიციის, როგორც ხელისუფლების. არ ვიცი ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, უფრო უსაფრთხოდ ვიქნები ამ ქვეყანაში, თუ დღეს ვარ.

ეს ხალხი თავისი მოქმედებით და სიტყვებით როგორც ამომრჩეველს ელაპარაკება, ისე მეც მელაპარაკება. არავის არ აქვს ჩემზე გავლენის მოხდენის არანაირი შესაძლებლობა, ვიმოქმედებ იმის მიხედვით, როგორც ესენი იმოქმედებენ. ჩვენნაირ პარტიას ყველა დაიჭერდა, მე მადლიერი ვარ “ქართული ოცნების”, რომ მანამდე არ დაგვიჭირა, ამას ვაფასებთ.

მე არ მგონია, რომ ავტომატურად ბედნიერება მელოდება, თუ ეს ხელისუფლება წავა და სხვა მოვა, ამიტომ მე ვარ კრიტიკული. ოპოზიციის ქცევა, როგორი დამოკიდებულებაც ჩვენს მიმართ აქვთ, არის ძალიან საშიში, ასე რომ მოიქცნენ და ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, ხომ საშინელებას უნდა მოველოდო? ამ წამს მაშინებს როგორც ერთი, ასევე მეორე მხარე” – თქვა მეგრელიშვილმა.

პოლიტიკოსი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, შესაძლოა მათი პარტიის წევრები დაიჭირონ ან “გადააგდონ”:

“როდესაც ოპოზიციასთან ვმუშაობდით ჩვენ გვეგონა, რომ ჩვენი პარტნიორები უარს ამბობდნენ იმ ცენტრალიზებულ სისტემაზე, რომელიც ახლა გვაქვს. ჩვენ მათ შევუთანხმდით სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებაზე. ოპოზიციამ გავაფორმეთ შეთანხმება, რომ თუ ჩვენ მოვიდოდით ხელისუფლებაში, რაც დღეს ხდება ნიკა მელიას თავს ან გიორგი რურუას თავს ეს აღარ მოხდებოდა და ერთმანეთს აღარ დავიჭერდით.

მაშინ კი არ მიყვარდა “ნაციონალური მოძრაობა”? ვეკითხებოდით, რომ დაგეხმაროთ მთავრობის შექმნაში, ხომ არ დაგვემუქრება საფრთხე, რომ შემდეგ დაგვიჭერთ? ამის დაზღვევა იყო სწორედ ის შეთანხმებები, რომლებსაც ვაფორმებდით ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ვერ მოვედით კოალიციურად, აღმოჩნდა, რომ ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს ეს ნაწილი არ აინტერესებთ. ახლა, რომ სინამდვილეში მათ მოიგონ, შეიძლება დაგვიჭირონ ან გადაგვაგდონ.” – თქვა მეგრელიშვილმა.

მედიასთან საუბრის დროს, მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა საკითხი დაავიწყდათ და ახლა რურუას და მელიას გამოშვებას და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვენ:

“დაავიწყდათ ყველა საკითხი და ახლა ითხოვენ რურუას, მელიას გამოშვებას და რიგგარეშე არჩევნებს. იგივე წესრიგით ვაპირებთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას? არავინ აღარ საუბრობს იმაზე, რომ პროპორციული არჩევნები არანაკლებ მნიშვნელოვანი თემაა მოლაპარაკებების მაგიდაზე, როგორც რურუას და მელიას გამოშვება, ან რიგგარეშე არჩევნები. მე რიგგარეშე არჩევნები მინდა, მაგრამ მინდა ახალი წესებით.” – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები