LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იშრომე მუყაითად და იყავი კეთილი“ – 108 წლის ქალბატონი ახალგაზრდებს ურჩევს

152
news201218

„ღმერთმა დაგლოცოთ, ძალიან დიდი მადლობა,“ – იმეორებდა გაოცებული კერი რეინოლდსი, როდესაც მისი დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ წვეულებაზე აღმოჩნდა.

ამერიკის ქალაქ ბროქტონში მცხოვრები ქალბატონი რამდენიმე დღის წინ 108 წლის გახდა და ოჯახის წევრებმა მას სიურპრიზი მოუწყეს. სხვადასხვა შტატებში მიმოფანტული მეგობრები წვეულებას ზუმის მეშვეობით ესწრებოდნენ.

კერის საპატივცემულოდ ქალაქში პატარა მსვლელობაც მოეწყო და მოხუცს იუბილე ქალაქის მერმა და პასტორმაც მიულოცეს. მერმა მას დაბადების დღის საჩუქრად ქალაქის ოქროს გასაღები გადასცა.

ბროქტონელი ქალბატონი დასახლების ერთ–ერთი პირველი მკვიდრია. ის ტომ და მერი ჰარისების დიდ ოჯახში, 9 და–ძმასთან ერთად იზრდებოდა.

კერის დაბადების დღის ტორტი შვილიშვილმა ლუისმა მიართვა და სურვილის ჩაფიქრებაც სთხოვა. „უი ჩემს ტორტს 108 სანთელი არ აქვს“ – აღნიშნა იუბილარმა ღიმილით.

სანთლების ჩაქრობის შემდეგ ზუმ–წვეულებაც დაიწყო და კერის დაბადების დღე ყველაზე საყვარელმა ადამიანებმა მიულოცეს.

აღსანიშნავია, რომ COVId-19–ის პანდემია რეინოლდსის ცხოვრებაში პირველი პანდემია არ არის. იუბილარმა ესპანური გრიპი „ისპანკაც“ გადაიტანა. ის მაშინ ძალიან პატარა იყო და დეტალები კარგად არ ახსოვს, თუმცა გარშემო ყველაფერი ძალიან ცუდად რომ იყო მის გონებაში მკაფიოდ ჩაიბეჭდა.

როდესაც კერის ხანგრძლივი სიცოცხლის მთავარი საიდუმლოს გამხელა სთხოვეს, მან დაუფიქრებლად უპასუხა, „საიდუმლო – ღვთის რწმენა და მხოლოდ საკუთარ ცხოვრებაზე დარდია, რაც უფრო ნაკლებად ჩაერევით სხვის ცხოვრებაში – უფრო დიდ ხანს იცოცხლებთ.“

ახალგარზდებს კი ის ძალიან მარტივ რჩევას აძლევს, – „მუყაითად იშრომეთ და კეთილები იყავით.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g