ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად, ინტერნეტში ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ვიდეო გავრცელდა. ვიდეო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს არხმა „ალ ფურქანმა“ გაავრცელა. მათი ცნობით, ის 29 აპრილს, ორშაბათს ჩაწერეს.
ვიდეო 18 წუთიანია. მასში ვხედავთ როგორ ესაუბრება ტერორისტების მეთაური გარშემომყოფებს სირიაში “აისისის” მიერ კონტროლირებად სოფელ ბაღუზში მომხდარი საბრძოლო მოქმედებების შესახებ.
ვიდეოში ალ-ბაღდადი ასევე, აღდგომის დღესასწაულზე შრი-ლანკაში კათოლიკურ ეკლესიებზე თავდასხმების მოწყობაზეც საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ტერაქტი სირიაში მომხდარი მოვლენების მიმართ ტერორისტული ორგანიზაციის საპასუხო ნაბიჯია.
ვიდეოს ბოლოს ის ამბობს, რომ ბაღუზაში ბრძოლა დასრულდა, თუმცა “ისლამური სახელმწიფო” მთელი მსოფლიოს მასშტაბით მტრების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
უცხოური მედიასაშუალებები ვიდეოს ხმის გარეშე ავრცელებენ.