LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელი დათმობაზე არ მიდის: ჩაერთვებიან თუ არა ისრაელ-ჰამასის დაპირისპირებაში სხვა ქვეყნები

1019
-1x-1

ახლო აღმოსავლეთში დაძაბული და საომარი ვითარება გრძელდება. ისრაელი არ აპირებს არაფრის დათმობას, მშვიდობის პერსპექტივა არ ჩანს, ხოლო რისკი, რომ კონფლიქტში სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ, რეალურია.
ამ საკითხებზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ ისაუბრა გადაცემის წამყვანმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.

„ძალიან მძიმე ვითარება ნარჩუნდება ახლო აღმოსავლეთში. ისრაელი აგრძელებს სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში. ახლა ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორ თემას. ესენია: ეგვიპტის მოსაზღვრედ არსებულ ქალაქ რაფახში ისრაელის ჯარების შესვლა და მეორე, მძევლების განთავისუფლება, რომლებიც 2023 წლის 7 ოქტომბერს უმძიმესი ტერორისტული აქტის შედეგად აიყვანეს. ჯერ კიდევ რჩება 130 მძევალი, ხოლო მოლაპარაკებები საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით იმედი გამოთქვა, ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჯერ კიდევ საკმაო გზაა გასასვლელი. მნიშვნელოვანი საკითხებია შესათანხმებელი და საქმე ასე მარტივადაც არ არის. ბუნებრივია, აქ საუბარია ჰამასის გასათავისუფლებელ კონკრეტულ პერსონებზე. ჰამასი ითხოვს, რომ განუსაზღვრელი ვადით შეწყდეს ცეცხლი, რასაც ისრაელი ცხადია არ თანხმდება. რა თქმა უნდა, ასევე ითხოვს, რომ ჯარი გავიდეს იმ ტერიტორიებიდან, სადაც ისრაელი ახორციელებს სამხედრო ოპერაციებს.

პარალელურად ვრცელდება საგანგაშო ინფორმაციები, რომ ირანი აძლევს მწვანე შუქს მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვან შეიარაღებულ დაჯგუფება ჰესბოლას, რომ დაიწყოს ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ თუ ის რაფახში შევა და მათი მტკიცებით, ეს გარდაუვალია. ამას არ უარყოფს ისრაელიც. უბრალოდ, აძლევს დროსა და შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანმა მოსახლეობამ დატოვონ ეს ქალაქი.

რეალურად მძიმე მდგომარეობაში არიან პალესტინელები. ჰუმანიტარული დახმარების დარიგების დროს დაიბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, დაიღუპა 70-მდე და დაშავდა 100 მეტი ადამიანი. ჰამასის ოფიციალური განცხადებით, დაღუპულების რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა, მათ შორის 12 ათასი ბავშვი და ქალია.

ისრაელი კი საკუთარი მიზნების რეალიზებისგან უკან არ იხევს. მისი პოზიციით, ჰამასი, როგორც ორგანიზაცია, უნდა განადგურდეს ღაზის ტერიტორიაზე და ბუნებრივია ვერ დადგება ორი სახელმწიფოს შექმნის იდეა, რომელსაც მხარს უჭერს აშშ, ევროპული კავშირიც, მონაწილე შუამავლების უმრავლესობა (თურქეთი, კატარი, სპარსეთის ყურის ქვეყნები). ისრაელი არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან იმ ტერორისტებთან, რომლებმაც უსასტიკისად დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები 7 ოქტომბერს.

ისრაელი აგრძელებს სამხედრო ოპერაციას და შეიძლება ითქვას, რომ უკეთეს შემთხვევაში რამადანის დაწყებისთვის, 10 მარტისთვის შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, რომლის მიხედვით მოხდება მძევლების გაცვლა.

ვითარება საკმაოდ რთულია, მაგრამ ყველა ცდილობს (აშშ, შუამავლები) ეს საომარი მოქმედებები არ გაცდეს ისრაელ-ჰამასის დაპირისპირებას. თუმცა ჰესბოლას ჩართვის და ისრაელის მხრიდან ლიბანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის შემთხვევაში, ეს იქნება გაცილებით მასშტაბური და მსხვერპლის მომტანი სამხედრო დაპირისპირება, რომელშიც შესაძლოა რეგიონის სხვა ქვეყნებიც ჩაერთონ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები