ისრაელსა და პალესტინას შორის დაწყებული დაპირისპირების შემდეგ, ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ.
5 აგვისტოს, 6 აგვისტოს, შაბათს, 20:00 საათამდე იმოქმედებს შემდეგი შეზღუდვები (ვადის გაგრძელების შემთხვევაში, დამატებით გაცნობებთ):
ღაზას სექტორთან 80კმ-ის რადიუსში მცხოვრებთათვის:
ნებადართულია ღონისძიებები და შეკრებები არა უმეტეს 10 ადამიანისა ღია სივრცეში და არა უმეტეს 50 ადამიანისა – დახურულ სივრცეში.
სასწავლო პროცესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბავშვო ბაღებში და საზაფხულო ბანაკებში არ განხორციელდება.
სამუშაო ადგილებზე ყოფნა მხოლოდ იმ დაწესებულებებშია ნებადართული, სადაც თავშესაფრებია.
უსაფრთხოების იგივე ნორმები მოქმედებს ცენტრალურ და დასავლეთ ნეგევის მიმდებარედ მცხოვრებთათვის. განსხვავდება მხოლოდ დახურულ სივრცეში შეკრების პირობა: ნებადართულია 100 ადამიანი.
შეცვლილია აფრენის და დაფრენის გრაფიკი ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტში.
საჯარო თავშესაფრები გახსნილია ისრაელის სამხრეთით მდებარე ქალაქებში – აშდოდი, შდეროთი, ბერშევა და ასევე, რამდენიმე ცენტრალურ ქალაქში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ და დაიცვათ აღნიშნული უსაფრთხოების ნორმები”, – წერს ლაშა ჟვანია.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაციისას ღაზის სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა. თავის მხრივ „ისლამურმა ჯიჰადმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა. ნასროლი რაკეტები ან ღია ტერიტორიაზე ჩამოვარდა, ან საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ გაანეიტრალა. ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო. ისრაელის რაიონებში განგაშის სიგნალები ჩაირთო.