ქართველი სოპრანო, თეონა დვალი ძირითადად, საზღვარგარეთ მოღვაწეობს. წარმატებული საოპერო მომღერალი იტალიაში მეუღლესთან, ჯაკომო რაკუნიოსა და შვილთან, მატილდესთან ერთად ცხოვრობს.
თეონას დავუკავშირდით იმის გასაგებად, რა მდგომარეობაა ამჟამად ცენტრალურ იტალიაში, სადაც ის ცხოვრობს… როგორც მან „ფორტუნას: ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში აღნიშნა, მათ რეგიონში შედარებით სიმშვიდეა, თუმცა მთლიანობაში ძალიან განიცდის იტალიის ბედს… საქართველოში ჩამოსვლას ოჯახთან ერთად აღდგომის დღესასწაულზე აპირებდა, თუმცა, რასაკვირველია, მისი ეს გეგმაც შეიცვალა და სცენაზე დაბრუნებისაც…
როგორ გაიხსენებ ვირუსის გავრცელების საწყის ეტაპს, თქვენ როგორ მოერგეთ აკრძალვებსა და რეკომენდაციების შესრულებას?
თეონა დვალი:
ჩვენ ვცხოვრობთ ცენტრალურ იტალიაში, ჩვენს ქალაქს ჰქვია ფაბრიანო და პირველ რიგში, იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ევროპაში ერთ–ერთი პირველი გახლდათ, სადაც ქაღალდის წარმოება დაიწყო. როდესაც ეს ამბები დაიწყო, ინტუიციით მივხვდი, რომ მალე არ ჩაივლიდა, ეგრევე გავვარდი და შევიძინე ნიღბები, ხელის გასაწმენდი საშუალებები, ჩემი მეუღლეც კი დამცინოდა თავიდან, გამოგიზიდავს აფთიაქიო. ინტუიციით მივხვდი, რომ რაღაც საშინელება დატრიალდებოდა და ამიტომაც ბევრი რამ შევიძინე. სახლიდან თვეზე მეტია, არ გავსულვარ. მხოლოდ ერთხელ მომიწია ჩემი შვილის, მატილდეს ასაცრელად წაყვანამ, ისედაც ძალიან კანონმორჩილი ადამიანი ვარ და თან, საოცრად შემეშინდა.
ვითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას და თუკი გასვლა აუცილებლობა არ არის, სახლიდან არ გავდივართ. სახლიდან გასვლა შეუძლია მხოლოდ ერთ ადამიანს, ისიც, სპეციალური საბუთის საშუალებით, სადაც მითითებული ექნება გასვლის მიზეზიც და ისიც, სად მიემართება, მარკეტი და აფთიაქი კი სახლთან ახლოს უნდა იყოს.
როგორ ფიქრობ, იტალიაში რეაგირება დააგვიანეს?
ჩემი აზრით, ნამდვილად დააგვიანეს. ეს რომ ვთქვი, ბევრი გამინაწყენდა, მაგრამ ასეა. ვფიქრობ, არასერიოზულად მიუდგნენ, ყველგან დადიოდნენ, დისტანციას არ იცავდნენ და საზღვრებიც გვიან ჩაკეტეს. სამწუხაროდ, ცუდი შედეგი მოიმკეს და მოგეხსენებათ, როგორ საშინელ დღეში ჩავარდა იტალია. საშინლად განვიცდი ამ ამბავს. ყოველდღე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხომ არ დამესიზმრა… დიდი იმედი მაქვს, რომ ეს საშინელება მალე დასრულდება!..
თქვენთან დღეს როგორი მდგომარეობაა?
ჩვენს რეგიონში შედარებით მშვიდობაა. დღეს, მაგალითად, მატილდე მყავდა აცრაზე. ფაქტობრივად, შეიარაღებული წავედი. ძალიან მეშინოდა გარეთ გასვლის, მით უმეტეს, პატარასთან ერთად, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ეგრევე სახლში მოვედი. საშინლად განვიცდი და გულთან ახლოს მიმაქვს ჩემი იტალიის ბედი. ყოველდღე 600–700 გარდაცვლილია.
ვიცი, რომ პატარა ახლახან შეგეძინა. მოგვიყევი მის შესახებ…
მყავს პატარა მატილდე, რომელიც ნოემბერში შეგვეძინა. გაგვაბედნიერა… მას ჯაკომოს ბებიის სახელი დავარქვით. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, არაჩვეულებრივი ბავშვია, წყნარი და მუდამ მომღიმარი ჩემნაირად.
ჩემი ოჯახიდან მატილდე მხოლოდ დედაჩემს ჰყავს ნანახი, ოჯახის სხვა წევრებს პირადად ჯერ არ უნახავთ. გულით მინდოდა აღდგომისთვის ჩამოსვლა, ასე გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ გადაგვედო. იმედი მაქვს, მალე ჩაწყნარდება ყველაფერი და შევძლებ ჩემს სამშობლოში სტუმრობას.
შენი კარიერული გეგმები ალბათ, გაჩერებულია. კონცერტებიც გადადებული.
ბავშვის გამო ისედაც დიდხანს მომიწია გაჩერებამ. სწორედ ახლა ვაპირებდი, სცენას დავბრუნებოდი, მაგრამ გადაიდო, ღმერთმა იცის, როდემდე. ერთი სული მაქვს, სცენაზე ისევ დავდგე და გავახარო ჩემი მონატრებული მსმენელი.
ნინო მურღულია