LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იტალიელები სიმღერისა და მუსიკის დიდი მოყვარულები არიან, როდესაც იგებენ, რომ მუსიკოსი ვარ ორჯერ უფრო დიდი პატივისცემა და ინტერესი უჩნდებათ“ – დათო გომართელი

11
დათო-გომართელი

29 აგვისტოს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ დათო გომართელი სტუმრობდა. მომღერალმა თავის საქმიანობასა და მუსიკალურ კარიერაზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „დარჩი ჩემთან“ და ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად ჩაწერილი პოპურის პრემიერა შედგა. რადიოს მსმენელმა არაერთი სიმღერის ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.

დათო, სამწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გვესტუმრე. მოგვიყევი, სად იყავი და რას საქმიანობდი ამ პერიოდის განმავლობაში?

უკვე მესამე წელია იტალიაში ვარ, რადგან საქართველოს საელჩოში ვმუშაობ. ზაფხულს საქართველოში ვატარებ. მომენატრა ყველა, ოჯახი, მეგობრები და რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყანა.

მუსიკის და შენი საქმიანობის შეთავსებას როგორ ახერხებ?

რა თქმა უნდა, იტალიაში შეზღუდულია მუსიკალური, შემოქმედებითი საქმიანობა, თუმცა მუსიკის გარეშე ვერ ვიქნები და ვერ გავჩერდები, სადაც არ უნდა ვმუშაობდე. ხელმძღვანელობამ იცის, რომ ჩემს შემოქმედებით საქმიანობას ჩემმა სამსახურმა ხელი არ უნდა შეუშალოს (იცინის).

იტალიაში ყოფნის პერიოდში თუ გქონდა შემოთავაზებები კონცერტებთან დაკავშირებით?

იტალიაში ყოფნისას ძალიან ცუდი, საშინელი პერიოდი დამემთხვა, იყო პანდემია და ამის გამო კონცერტებისთვის არც არავის ეცალა და არც ხასიათი ჰქონდა. როდესაც გამოსწორდა სიტუაცია, უფრო წამოვიდა შემოთავაზებები. იტალიაში არის ერთი ძალიან კარგი ქალბატონი, ლაურა გოგიაშვილი, რომელიც ორღანისტია და რომში, ერთ-ერთ ეკლესიაში უკრავს. ჰყავს საკუთარი გუნდი და მათთან ერთად ატარებს კონცერტებს. გუნდში ძირითადად არიან იტალიელი მომღერლები, რომლებიც ქართულად მღერიან. ამ ქალბატონთან ერთად უნდა მქონოდა კონცერტები, იყო რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე. იმედი მაქვს, მოვახერხებთ და გავმართავთ ერთობლივ კონცერტს. აღნიშნული კონცერტები ძირითადად ეკლესიებში უნდა ჩატარებულიყო და ქართველი კომპოზიტორების, გია ყანჩელის, ვაჟა აზარაშვილის და ა.შ ნაწარმოებები უნდა შეგვესრულებინა, ასევე უნდა გვემღერა რამდენიმე იტალიური სიმღერაც. შეიძლება ითქვას, რომ კონცერტის პროგრამა უკვე მოხაზულია. ამ კონცერტს ძალიან ელოდებიან ქართველი ემიგრანტები და იტალიელები, რომლებიც მიცნობენ, მაგრამ ჩემი სიმღერა მოსმენილი არ აქვთ. იმედი, მაქვს, რომ მათ რაღაც ახალს შევთავაზებ, როგორც დიპლომატი მომღერალი. იტალიელები სიმღერისა და მუსიკის დიდი მოყვარულები არიან, როდესაც იგებენ, რომ მუსიკოსი ვარ ორჯერ უფრო დიდი პატივისცემა და ინტერესი უჩნდებათ.

კლასიკური მუსიკის კეთების მცდელობა ხომ არ გქონია, ხომ არ გიფიქრია ამ მიმართულებაზე?

სხვათა შორის, კი, მქონდა რაღაც მცდელობები ჩემს მეგობართან, ნინო ლეჟავასთან ერთად, რომელიც სოპრანო გახლავთ. უბრალოდ, როგორც გითხარით, პანდემიის გამო სულ სხვა თემაზე ვიყავით გადართულები და სულ სხვა ფიქრები გვქონდა. ახლა, იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დაწყნარდება და ჩატარდება კონცერტები, ქართული დღეები, გამოფენები და ა.შ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი საინტერესო ღონისძიება გავაკეთეთ, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება გვინდა.

როგორია ახალი სიმღერის, „დარჩი ჩემთან“ ისტორია?

ეს არის ნეაპოლიტანელი კომპოზიტორის სიმღერა, რომელიც ერთ-ერთ იტალიურ ფილმშია შესული. ძალიან მომეწონა და გადავწყვიტე ჩამეწერა. ტექსტი ირინა სანიკიძეს დავაწერინე. ჩავწერეთ ბორიკო შხიანის არანჟირებით. ვფიქრობ, რომ ზაფხულის ჰიტია და ძალიან მოუხდება სეზონს. მართალია, ზაფხული იწურება, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენში ჯერ კიდევ არსებობს ის ენერგია, რომელიც ზაფხულს ეკუთვნის და რომ მსმენელს ძალიან მოეწონება და აიტაცებს.

დაგეგმილ კონცერტებზეც ვისაუბროთ.

ბათუმსა და თბილისში უკვე ჩავატარე რამდენიმე კონცერტი. ახლა, 1-ელ სექტემბერს მაქვს კონცერტი ბათუმში. ოქტომბერშიც დაგეგმილი მაქვს ერთი კონცერტი. ჯერ-ჯერობით არის რაღაც ღონისძიებები, ასე, რომ აქ ვარ. ყველაზე საინტერესო სიახლე ის არის, რომ საკუთარ ანსამბლზე, ბენდზე ვფიქრობ. მინდა, სახალისო, კარგი განწყობის ბენდი მყავდეს, რომელიც კარგ, ხარისხიან მუსიკას შესთავაზებს მსმენელს.

დღეს გვაქვს კიდევ ერთი სიმღერის პრემიერა, რომელიც „შვიდკაცასთან“ ერთად ჩაიწერა და რომელიც ალექსანდრე ბასილაიას გენიალური სიმღერების პოპურია. მოგვიყევი ამ ნამუშევარზე.

ალექსანდრე ბასილაია საოცარი კომპოზიტორი გახლდათ. ჩვენ მისი რამდენიმე ცნობილი სიმღერა ავარჩიეთ და ყველასთვის კარგად მოსაგონარი სიმღერები შევკრიბეთ. ნამუშევრის არანჟირება ზურა მახნიაშვილს ეკუთვნის.

 

დათო გომართელი – დარჩი ჩემთან 

 

დათო გომართელი & შვიდკაცა – ალექსანდრე ბასილაიას პოპური

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დათო გომართელი – ერთი გოგო შემიყვარდა. Live

 

დათო გომართელი – იარმარკი (პოლონური სიმღერა). Live

 

დათო გომართელი. “საღამოს რადიო შოუ”. ვიდეო კოლაჟი

 

დათო გომართელი – გაზაფხული. Live

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები