LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

148
კომიტეტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.

მოტივირებული შენიშვნები კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა.

„თქვით, რომ დღევანდელი დღე მძიმეა, ალბათ, იმას გულისხმობდით, რომ დაწერილი კარგად არ გქონდათ წაკითხული, ჩემი აზრით, წაკითხვაც გაგიჭირდათ“ – ღუდუშაური პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

რაც შეეხება პლენარულ სხდომას, როგორც ცნობილია, პარლამენტი აღნიშნულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ხვალინდელ სხდომაზე გეგმავს.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტს უკან იგივე სახით დაუბრუნა და მხოლოდ ერთი პუნქტი დაამატა, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს.

მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო.

პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-11 (თანასწორობის უფლება), 22-ე (გაერთიანების თავისუფლება), მე-15 (პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებები), 78-ე (ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია) მუხლებს.

„ეს ქვეყანა რისკის და ომის წინაშე რომ დადგება, ჩვენ შევაკლავთ თავს, თქვენგან განსხვავებით, რომელიც კონფორმისტულად „ევროპებში” და საფრანგეთში გაიქცევა და ის, რასაც ახლა აკეთებთ, ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადაიქცევა“ – ნინო წილოსანი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს

„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური – მაშასადამე, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია. შესაბამისად, კანონის გაუქმება არის უალტერნატივო და ქართველის ხალხის ნებას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გთავაზობთ კანონი გაუქმდეს უმოკლეს ვადაში – ამოქმედებიდან მომდევნო დღესვე” – წერს პრეზიდენტი პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებში.

„მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს“ – სახალხო დამცველი უმრავლესობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g