LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იურისტები უკანონო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

90
business-lawyer-scaled

იურისტები ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც ვკითხულობთ, რომ თუკი მსგავსი მასშტაბის მოსმენა სხვამ განახორციელა და ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაფერი იცოდა, საქართველოს თითოეული მოქალაქე დიდი საფრთხის წინაშეა.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ უკანონო ფარული მიყურადების მასშტაბურ ფაქტებს. როგორც ირკვევა, წლების განმავლობაში ხდებოდა სასულიერო პირების, დიპლომატიური კორპუსის, ჟურნალისტების, ადვოკატების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკოსების უკანონო მოსმენა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასევე არაერთხელ დაირღვა ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრინციპი, როგორიც არის ადვოკატისა და კლიენტის კომუნიკაციის საიდუმლოების დაცვა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დადგენილი არ არის ჩანაწერების განმახორციელებელი სუბიექტი და მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდებით საუბარი შეიძლება, ფაქტია, რომ მსგავსი მასშტაბისა და მოცულობის უკანონო ფარული მიყურადების განხორციელება კარგად ორგანიზებული, ტექნოლოგიურად აღჭურვილი, დაფინანსებული და მრავალი თანამშრომლის გარეშე ფიზიკურად არის შეუძლებელი. თუ ამ მასშტაბის ფარული მოსმენა განახორციელა არა სუს-მა, არამედ სხვამ, ხოლო ამის შესახებ სახელმწიფო ორგანოებმა ამდენი ხნის განმავლობაში არაფერი იცოდნენ, მაშინ გამოდის, რომ კიდევ უფრო მეტი საფრთხის წინაშეა როგორც თითოეული მოქალაქე, ისე მთელი სახელმწიფო.

ამ უმძიმეს ფონზე დამატებით შეშფოთებას იწვევს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების განცხადებები. პრობლემის გააზრებისა და აღიარების ნაცვლად, ხდება მოღალატის ძებნა და ისრების გადატანა პოლიტიკურ ოპონენტებზე.

ძირითადად ისმის წუხილი იმაზე, თუ ვინ გამოიტანა საჯაროდ ეს მასალა და არა იმაზე, თუ რა მიზნით, ვისი დავალებითა და ორგანიზებით ხდებოდა ამ მასშტაბის უკანონო მიყურადება და თვალთვალი, ან რა მექანიზმების მოფიქრება შეიძლება როგორც მომხდარის ობიექტურად გამოსაძიებლად, ასევე სამომავლო პრევენციისთვის. ასეთი დამოკიდებულება შექმნილ მოცემულობაში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სისტემურ კანონდარღვევაზე სწორი სამართლებრივი რეაგირების შესაძლებლობას.

პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ სახელმწიფოს დღემდე არ გამოუვლენია და დაუსჯია 2013 წელს აღმოჩენილი 26 000 ფარული ჩანაწერის განმახორციელებელი ასეულობით სავარაუდო სუბიექტი, რამაც გააძლიერა დაუსჯელობის სინდრომი და ხელი შეუწყო უკანონო ფარული მიყურადების მანკიერი პრაქტიკის შენარჩუნებას.

ადამიანის თავისუფლება და ღირსება, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპები, დგას და იქნება მუდმივი საფრთხის წინაშე მანამ, სანამ არ იარსებებს უკანონო თვალთვალისა და მიყურადებისაგან დაცვის მყარი მექანიზმები. ამასთან, პრაქტიკა ადასტურებს, რომ ვერანაირი საკანონმდებლო ცვლილება, ცალკე აღებული, ვერასოდეს გახდება პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი, თუ არ იარსებებს მტკიცე პოლიტიკური ნება, რომ უკანონო ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს საბოლოოდ დაესვას წერტილი, ხოლო ისინი, ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის საშიშ წითელ ხაზს გადაკვეთენ, დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ხელმომწერები: უჩა ნანუაშვილი – ყოფილი სახალხო დამცველი; ბესიკ სისვაძე – ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე; მაია ბაქრაძე – ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე; დავით ჯანდიერი – იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე; ბესიკ ლოლაძე – პროფესორი, სამართლის დოქტორი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე; კახა წიქარიშვილი – იურისტი, მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის ყოფილი წევრი; კახა კოჟორიძე – ადვოკატი, საიას ყოფილი თავმჯდომარე; ანა ნაცვლიშვილი – საიას ყოფილი თავმჯდომარე; თამარ ხიდაშელი – საიას თავმჯდომარე; სულხან სალაძე – საიას ყოფილი თავმჯდომარე; ეკა ციმაკურიძე – იურისტი, დემოკრატიის ინდექსი; თამარ ლალიაშვილი – უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სამართლის დოქტორი; ნაზი ჯანეზაშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, „საქართველოს სასამართლოს გუშაგის დამფუძნებელი.“; თეა ხამხაძე – ადვოკატი, ყოფილი მოსამართლე; თორნიკე ართქმელაძე – ადვოკატი; ნათია ქუთათელაძე – ყოფილი მოსამართლე; ირაკლი შავაძე – ყოფილი მოსამართლე, ადვოკატი; ლია მუხაშავრია უფლებადამცველი იურისტი და თამარ გეგელია სამართლის დოქტორი.

magti 5g