LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოსახლეობას უფასო ტრენინგებს სთავაზობს – სახალხო პლატფორმა

29
ვახტანგ-ჟვანია

რა თემატიკაზე სთავაზობს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ტრენინგებს მსურველებს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ვახტანგ ჟვანიამ ისაუბრა.

რა სახის კურსებს სთავაზობს იუსტიციის სასწავლო ცენტრი მოსახლეობას?

იუსტიციის სასწავლო ცენტრი, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქვეყნის მოსახლეობისთვის უფასო ტრენინგებს ატარებს. ბოლო წლების მონაცემებით, უკვე 10 000-ზე მეტი  მოქალაქე მომზადდა.

სასწავლო პროექტები ეხება ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა:  ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და რეაგირების მექანიზმები; თანასწორობის უფლება; ბავშვთა უფლებები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; შრომითი უფლებები; პერსონალურ მონაცემთა დაცვა; ევროკავშირი; მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში; სახელშეკრულებო სამართალი, სამეწარმეო სამართალი და სხვა.

როგორ არჩევთ ტრენერებს და სასწავლო კურსების თემატიკას?

იუსტიციის სასწავლო ცენტრი 200-ზე მეტ მაღალკვალიფიციურ ტრენერს აერთიანებს, რომელთა საქმიანობა მუდმივ მონიტორინგს ექვემდებარება. თითოეული კურსის შემდეგ, მათ  მსმენელები აფასებენ, ვაწარმოებთ მონაცემების დეტალურ ანალიზს და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გუნდში მხოლოდ საუკეთესოები რჩებიან.

ამასთან, უკვე შემუშავებულია 180-ზე მეტი სასწავლო მოდული. თითოეული ტრენინგი საზოგადოების აზრის ინტენსიურ კვლევას ეფუძნება და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზეა მორგებული.

რამდენადაც ვიცი, სასწავლო ცენტრის პროექტები საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს…

ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამები ყველასთვის ხელმისაწვდომია. ძირითადი მიზანი ჩვენი მოქალაქეების სამართლებრივი ცოდნით გაძლიერებაა. მაგალითად, ახლახან, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აჭარის რეგიონის მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული ტრენინგები ჩაატარა. სწავლებები თანასწორობის თემასა და მასთან დაკავშირებულ უფლებებს ეხებოდა. სასწავლო კურსები ქობულეთის, დაბა ჩაქვის,შუახევის,  ქედას, ხულოსა და ბათუმის იუსტიციის სახლებში მიმდინარეობდა და  ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ინტერესი გამოიწვია.

რა პროექტები გაქვთ სკოლისა მოსწავლეებისთვისა და სტუდენტებისთვის?

იუსტიციის სასწავლო ცენტრი სტუდენტებს  ზამთრისა და ზაფხულის სკოლებს სთავაზობს. ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში უკვე დასრულდა „ადამიანის უფლებების საზაფხულო სკოლა 2023“, რომელშიც  საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სტუდენტები მონაწილეობდნენ.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პროექტი, რომლის  მიზანი სკოლის მოსწავლეებსა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებში ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. ესაა მასშტაბური კამპანია, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას მოიცავს.

პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის ბოლომდე, 9 160 სკოლის მოსწავლე და 1200 მასწავლებელი გადამზადდება.

გარდა ამისა, დაგეგმილია ადამიანის უფლებების სახელმძღვანელოს შექმნა, რომელიც  სკოლებისთვის ერთგვარი გაიდლაინი იქნება.

უფროსკლასელებთან ინფორმაციის ჯეროვნად მიტანას განსაკუთრებული უნარები სჭირდება, ამიტომ  ინტენსიურად ვმუშაობთ თავად ტრენერთა გადამზადებაზეც.

როგორ ხდება ტრენინგზე რეგისტრაცია?

უფასო სასწავლო კურსზე დასწრების შესაძლებლობა აქვს, 14 წელს მიღწეულ, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. რეგისტრაცია შესაძლებელია აპლიკაციით, რომელიც ცენტრის ოფიციალურ გვერდებზეა მითითებული.

ჩვენ ზაფხულშიც არ ვისვენებთ და დაინტერესებულ პირებს, ციფრული საკომუნიკაციო პლატფორმების საშუალებით, დისტანციურ კურსებსაც ვთავაზობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები