LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯამიროქუაი“ – მუსიკალური მატარებელი, რომელში ჩაჯდომას არასდროს ინანებთ – კონცერტის მიმოხილვა

303

ბრიტანული ჯგუფი „ჯამიროქუაის“ ჩამოსვლას ქართველი მელომანები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ. ჯეი ქეიმ თავის ყველასგან გამორჩეულ მუსიკასთან ერთად საქართველოს საზღვარი ჯერ კიდევ წლების წინ გადმოკვეთა და ფილარმონიაში თბილისის ჯაზფესტივალზე ჩატარებული ბრწყინვალე კონცერტით ქართველ მსმენელს მოლოდინები გაუმართლა.

ამჯერად „ისთერნ ფრომოუშენსის“ და „TBC Status“-ის ორგანიზებით, ბათუმის ჯაზფესტივალს ესტუმრა ბენდთან ერთად, რომლის მუსიკალური წონა შეუფასებელია. სანამ თავად სოლისტზე ვიტყოდეთ რამდენიმე სიტყვას, აუცილებელია აღინიშნოს, როგორი მუსიკოსებისგან არის დაკომპლექტებული „ჯამიროქუაი“ – ეს არის ბენდი, რომლის თითოეული ინსტრუმენტალისტი თუ ბექვოკალის წევრი ერთ მთლიან ჟღერადობას ქმნის, ყველას თავისი ადგილი აქვს იმ საოცარ ჰარმონიაში, რომელსაც ვერასდროს ვერავინ გაიმეორებს სრულყოფილად თავად „ჯამიროების“ გარდა და ასევე ვერავინ შექმნის ამ ჟანრში მსგავს პროდუქტს. „ჯამიროქუაი“ არის მატარებელი, რომელში ჩაჯდომას არასდროს ინანებთ – ის გაუჩერებლად მიქრის ისეთი მუსიკალური სამოთხისკენ, რომელიც ნებისმიერი მუსიკისგან სრულიად განყენებული ადამიანისთვისაც საინტერესო იქნება.

„ჯამიროქუაის“ ახალი ალბომი „Automation“ საკმაოდ განსხვავებულია წინა ნამუშევრებისგან, თუმცა ხელწერა მაინც იგრძნობა და ამ ხელწერისგან გათავისუფლებას ჯეი ქეი ალბათ, ვერც ვერასდროს შეძლებს. ეს კარგიცაა, რადგან სწორედ ამის გამო ჰყავს წლებია, ჯგუფს სტაბილურად დიდი და მზარდი აუდიტორია. შედარებით ექსპერიმენტული ალბომი სხვადასხვა ცნობილი დიჯეისთვისაც გახდა შთაგონების წყარო, მაგალითად, კომპოზიციაზე „Superfresh“ Solomun-მა საკუთარი რემიქსი შემოგვთავაზა. დიჯეებისთვის მიმზიდველი ეს ალბომია აუცილებლად გახდებოდა, ვინაიდან მას ელექტრონული მუსიკის და საცეკვაო ელემენტების მარილი საკმარისზე მეტად აქვს მოყრილი…

28 ივლისს, ბათუმის ჯაზფესტივალის ჰედლაინერმა, რომელიც ახლახან გამოჯანმრთელდა ხერხემლის არცთუ იოლი ტრავმის შემდეგ, ისეთი ენერგია მოაფრქვია ფესტივალის სცენაზე, როგორიც მხოლოდ ძალიან დიდი არტისტებს აქვთ. მხოლოდ ერთხელ დაიწუწუნა, „ოხ, ეს წელი“, მაგრამ თავისი მოძრაობებით, რომლითაც ასევე ცნობილია, მაყურებელს არაერთხელ გამოეცეკვა სცენიდან…

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ „ჯამიროქუაიმ“ ყველაზე მეტი მაყურებელი მიიზიდან ბათუმის ჯაზფესტივალზე და ეს მოსალოდნელიც გახლდათ, თუკი იმას გავითვალისწინებთ, რამდენი თაყვანისმცემელი ჰყავს ჯეი ქეის ჩვენს ქვეყანაში. ანშლაგის პირობებში ყველა ცდილობდა, ნაცნობი და შედარებით ახალი მუსიკალური კომპოზიციებისთვის თავიც და ფეხიც აეყოლებინა… არავის სჭირდებოდა მოწოდება, რომ ეცეკვათ, რადგან იმ საღამოს ეს საუკეთესო იდეა იყო, სცენაზე ხომ „ჯამიროქუაი“ იდგა, რომელსაც მსმენელისთვის ძალიან ბევრი ჰქონდა სათქმელი.

კონცერტი რამდენიმე ახალი კომპოზიციით გაიხსნა. საინტერესოა, რომ მსმენელის დიდი ნაწილი სიმღერებს პირს აყოლებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯეი ქეის მომზადებული მაყურებელი დახვდა და მისი ალბომი სრულად ჰქონდათ მოსმენილი და ატაცებული. თუმცა, რასაკვირველია, კონცერტის მეორე ნაწილში მასა სრულად ეგზალტირებული გახდა, როდესაც დადგა დრო წარსულის გახსენების… ჰაერში ნაცნობი კომპოზიციების სურნელი დატრიალდა, როგორც კი „Cosmic Girl“ აჟღერდა, მათ, ვისაც ეს სიმღერა ბავშვობას გვახსენებს, უკან დავბრუნდით, შედარებით ახალ თაობას კი შესაძლოა, მოგონებები არ აღუძრა, მაგრამ კიდევ ერთხელ შეაგრძნობინა, რას ნიშნავს, როცა „ჯამიროქუაის“ უსმენ…

ბევრი ჩვენგანი ელოდებოდა იმ ჰიტს, რომლითაც ჯგუფმა ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა, რასაკვირველია, „Virtual Insanity“-ს ვგულისხმობ და ის კონცერტის ბოლოსკენ ჯეი ქეიმ დიდი ლანგრით მოგვართვა… რასაკვირველია, იყო ბევრი სხვა ჰიტიც, ბევრსაც ველოდით, მაგრამ არ შესრულდა და ეს ალბათ, ასეც იქნებოდა – წლების განმავლობაში ჯგუფის რეპერტუარი არაერთი კომპოზიციით გამდიდრდა, მათ სრულად წარმოდგენას საათები დასჭირდებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ 47 წლის ჯეი ქეი ვოკალურად საოცარ ფორმაშია და ყველა იმ ნოტს იღებს, რომელიც მის მუსიკას სჭირდება. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ეს ის შემსრულებელია, რომელსაც შეუძლია, ნოტს აცდენილად სპეციალურად ისე იაროს კომპოზიციის სტრუქტურაში, რომ მას კიდევ უფრო მეტი ორიგინალობა შესძინოს. მოკლედ, აშკარაა, რომ ეს ის ტემბრი და შესრულების მანერაა, რომელსაც სხვაში, უბრალოდ, ვერ აურევთ. ეს თავად მანაც კარგად იცის და სწორედ ამიტომაა, რომ კარგი რეპერტუარის, მარკეტინგისა და გუნდის პირობებში წლებია, ინარჩუნებს საკუთარ ადგილს შოუბიზნესში…

კონცერტი, რა თქმა უნდა, არ გვინდოდა, რომ დასრულებულიყო, თუმცა ეს სამწუხარო მომენტიც დადგა… ჯეი ქეი დაგვემშვიდობა, თუმცა ბათუმში მან ძალიან სასიამოვნოდ გაატარა დრო – უამრავი საჩუქარი მიიღო, მათ შორის, ქართული ვისკი, სტუმრობდა ერთ-ერთ რესტორანს, სადაც ერთი კომპოზიცია გიტარის თანხლებით შეასრულა, თავისუფალ დროს ცურვაც მოასწრო სასტუმროს აუზზე და დიდი შთაბეჭდილებებით დაემშვიდობა საქართველოს. არ ვიცით, მას თუ ექნება კიდევ ჩამოსვლის სურვილი, მაგრამ თაყვანისმცემლების მრავალრიცხოვანი არმია კიდევ დიდი სიამოვნებით მოუსმენს არაერთხელ…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g