ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი მედიას მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარუდგინა.
მიხეილ სარჯველაძე ამ დრომდე იყო პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე. მან ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა.
„როგორც მოგეხსენებათ, ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის კანდიდატურის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომასდგენლებთან.
კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყოს, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომaდგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლტიკურ გუნდში, ისე სამედიცონო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი ორად იყო გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი უნდა ყოფილიყო აუცილებლად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენელი, ხოლო მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა.
კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა, როგორც სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლების,ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების მიმართ გამოცდილებაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ნდობა მაქვს. ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა მიხელ სარჯველაძე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჯანდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით, გარკვეული მიზნების მისაღწევად, სამედიცინო საზოგადოებასთან ითანამშრომლებს.
„მინდა, მადლიერება გამოვხატო პრემიერ-მინისტრის მიმართ. ჩემთვის პატივია, რომ შესაძლებლობა მექნება, ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მის გუნდში ქვეყნის სამსახური გავწიო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის სასარგებლო ვიყო.
პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩემი განსაკუთრებული პატივისცემა სამედიცინო საზოგადოებისადმი, რომელიც ვთვლი, რომ ამ ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალის მქონე ინტელექტუალური საზოგადოებაა, რომელთან თანამშრომლობითაც შესაძლებელი იქნება დასახული მიზნის მიღწევა და ნებისმიერი ამოცანის გადაჭრა: იქნება ეს სამართლიანი სოციალური პოლიტიკის გატარება თუ თითოეული პაციენტის უფლებების სადარაჯოზე დგომა.
ამიტომ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრის შემწეობით, მისი მხარდაჭერით, შევძლებთ, ვიყოთ წარმატებულნი, დაუღალავად ვიშრომებთ იმისთვის, რომ მათ შორის, თითოეული დევნილი წელგამართული შეხვდეს იმ სანუკვარ მომენტს, როდესაც ისინი შეძლებენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას“, – განაცხადა სარჯველაძემ.