ჯანდაცვის პროგრამებისთვის საქართველოში ერთ ადამიანზე წელიწადში 117 დოლარი იხარჯება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით პოზიტიური მიღწევები არსებობს. „თქვენ ხედავთ თვალსაჩინო დინამიკას, თუ როგორ გაიზარდა ჯანდაცვის დაფინანსება. პრაქტიკულად გასამმაგდა ამ წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჩვენ წელიწადში ერთ ადამიანზე 177 დოლარი გვაქვს და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ 12000 დოლარი, ჩვენ ეს რაიმე შეღავათს არ გვიკეთებს, ჩვენი ამოცანა არის, რომ იმ თანხების, იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც არის მოცემულობა, ჩვენი მოსახლეობისთვის ბევრად მეტი შედეგი მივიღოთ”,- აღნიშნა სერგეენკომ.
ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტების შეძენის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მედიკამენტების ვერშეძენის მაჩვენებელი 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა. ამასთან, მინისტრის თქმით, 2010 წელს საშუალოდ, წლის განმავლობაში მედიკამენტებზე დანახარჯი 318 ლარი იყო, 2017 წელს ეს ხდება 450 ლარი.
“ადამიანებს, რომლებიც მნიშვნელოვან თანხას ხარჯავდნენ ექიმთან ვიზიტისათვის, სამედიცინო დახმარების მიღებისათვის, ეს დანახარჯები შეუმცირდათ, მაგრამ ეს დანახარჯები მათ მედიკამენტების შეძენაში გადაამისამართეს, რაც ყველაზე დიდი გამოწვევაა ჯანდაცვის სისტემაში. საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტების ვერშეძენა 2010 წელს იყო 13%, ხოლო 2017 წელს 9,6% გახდა. შემცირება არის, თუმცა, რა თქმა, უნდა, ეს შემცირება უფრო დიდი უნდა იყოს. ეს რეალურად ის კლება არ არის, რასაც ჩვენ ვგეგმავთ”,- აღნიშნა სერგეენკომ.
