LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯანქ ფუდი“ და მედიის გავლენა ბავშვთა კვებაზე – რა არის გამოსავალი?

527
foodchild

მშობლების უმეტესობას აწუხებს შვილების სრულფასოვანი კვების საკითხი და ის ფაქტი, რომ ბავშვები ძალიან ხშირად არიან მიდრეკილი სრულიად უსარგებლო და მავნებელი საკვებისაკენ, მაგალითად „ჯანქ ფუდისა“ და გაზიანი სასმელებისაკენ.

რასაკვირველია, ტექნოლოგიების სწორი და დროული გამოყენება ბავშვებზეც დადებით გავლენას ახდენს და მათ ტელევიზორიდან ბევრი რამის სწავლაც შეუძლიათ, თუმცა ეს ის შემთხვევა არ არის. ალბათ გასაკვირი არ იქნება იმის თქმა, რომ იმის არჩევაში, თუ რისი ჭამა უნდა ბავშვს, მას ტელევიზორი „ეხმარება“.

სწრაფი კვების ობიექტების მუდმივი რეკლამები და  საყვარელი კინოგმირების არაჯანსაღი კვების რეჟიმი ბავშვებს აფიქრებინებს, რომ „ჯანქ ფუდი“ უფრო გემრიელია, ვიდრე ოჯახში მომზადებული კერძები. თუ ამას მშობლის მხრიდან არასწორ მიდგომასაც დავუმატებთ კვებითი ჩვევების მიმართ, დავინახავთ ამ მხრივ არსებულ ყველა სირთულეს. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი მაშინ, როდესაც მისი შვილი გამუდმებით, მათ შორის ჭამის დროსაც ტელევიზორს უყურებს და ბურგერის გარდა სხვა საჭმლის გაგონებაც არ სურს? ექსპერტები რამდენიმე რჩევას გვაძლევენ:

არ უყუროთ ტელევიზორს ჭამის დროს

უმჯობესი იქნება, თუ საოჯახო სადილის დროს ყველანაირ გაჯეტს გვერდით გადადებთ, მათ შორის თქვენს ტელეფონსაც. ბავშვი უნდა მიეჩვიოს იმას, რომ სადილობისას დრო ოჯახის წევრებმა ერთმანეთთან კომუნიკაციას უნდა დაუთმონ. იმისათვის, რათა თქვენმა შვილმა გაჯეტები გვერდით გადადოს, ეს ჯერ თქვენ უნდა გააკეთოთ.

აარჩიეთ საბავშვო პროგრამები რეკლამების გარეშე

გადაიხადეთ ცოტათი მეტი იმისათვის, რათა საბავშვო პროგრამები რეკლამით არ იყოს გაჯერებული. როგორც წესი, ასეთ რეკლამებს შორის ბევრია სწრაფი კვების პოპულარული ობიექტების სხვადასხვა შეთავაზებები. ამიტომ აარჩიეთ ისეთი არხები და ვებ-პლატფორმები, სადაც რეკლამები არ არის, ან მათი გადახვევა შეიძლება. შეგიძლიათ უბრალოდ საბავშვო ფილმების დისკები შეიძინოთ.

დრო დაუთმეთ საკვების „შესწავლას“

უყურეთ გადაცემას ადგილობრივ ფერმერზე, წაიყვანეთ ბავშვი სუპერმარკეტში ან უბრალოდ ბოსტანში გაისეირნეთ. ასწავლეთ შვილებს, საიდან მოდის ესა თუ ის საკვები და რომელი მათგანია სასარგებლო.

დაიხმარეთ შვილები სამზარეულოში

შეიძლება ამან ქაოსი გამოიწვიოს და არც მათი „მომზადებული“ საკვები გამოვიდეს იდეალური, თუმცა ისინი „თავის“ გაკეთებულ კერძზე უარს ნამდვილად არ იტყვიან და უფრო მეტ ცოდნასაც შეიძენენ ამ  მხრივ.

დააწესეთ საზღვრები ეკრანთან

არც მცირეწლოვანი და არც მოზარდი ბავშვებისათვის საათობით ტელევიზორის ყურება სასარგებლო არ არის, თუმცა ბავშვს ეს არც სრულიად უნდა ავუკრძალოთ. წადით კომპრომისზე და მიეცით ბავშვებს საყვარელი პროგრამების ყურების საშუალება, თუმცა მხოლოდ განსაზღვრული დროით.

იყავით მისაბაძი მაგალითი

უსამართლობაა, როდესაც შვილს ბროკოლის ჭამას სთხოვთ, თავად კი მას არ მიირთმევთ. შვილები თქვენ უფრო მეტად გბაძავენ, ვიდრე წარმოგიდგენიათ და ამ შემთხვევაში ეს ფაქტი შეგიძლიათ მათ სასარგებლოდ გამოიყენოთ. იკვებეთ ჯანსაღად და მოამზადეთ ჯანსაღი საკვები.

იყავით გამგები ურთიერთობაში

ბავშვებს კითხვების დასმა უყვართ და ეს ძალიან კარგია. არავითარ შემთხვევასი არ დაუწესოთ მატ მხოლოდ აკრძალვები. სჯობს, აუხსნათ, რატომ არის სასარგებლო ან უსარგებლო ესა თუ ის საკვები პროდუქტი. წადით კომპრომისზე, დაუტოვეთ ბავშვს არჩევანის საშუალება და იყავით მომთმენი. შედეგს ერთ დღეში ვერ ამიაღწევთ და ამისთვის მზად უნდა იყოთ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g