24, 25 და 26 ივნისს სამტრედიაში, ოზურგეთსა და ზუგდიდში გაიმართა კონცერტები, რომლებიც ლეგენდარული კომპოზიტორისა და დირიჟორის — ჯანსუღ კახიძის 90 წლის იუბილესადმი იყო მიძღვნილი.
ღონისძიების ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო კვარტეტი „რანინა“, რომელსაც მუსიკალურად აფორმებდა ბენდი, ასევე სპეციალური მოწვევით მონაწილეობდა — ცნობილი მომღერალი ნეკა სებისკვერაძე.
პროექტის იდეის ავტორი სწორედ კვარტეტი „რანინაა“, ხოლო მუსიკალური კონცეფციისა და მხარდაჭერის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მაესტრო ვახტანგ კახიძეს.
ღონისძიებების განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ხელშეწყობით.
კონცერტების მთავარი მიზანი იყო ჯანსუღ კახიძის მუსიკალური მემკვიდრეობის სიღრმისეული გაცნობა და სწორ ინტერპრეტაციაში ფართო საზოგადოებისათვის მიწოდება.
როგორც ცნობილია, მისი მუსიკა მრავალფეროვანი, ჰარმონიული და განსხვავებული ხელწერით გამოირჩევა, თუმცა ხშირად სრულდება უცხო იმპროვიზაციებით, რაც ავტორისეულ ჩანაფიქრს სცილდება.
პროექტის ავტორები და კომპოზიტორის მემკვიდრე ერთსულოვნად ხაზს უსვამენ, რომ საჭიროა საზოგადოებისათვის სწორედ იმ სახით წარდგეს კახიძის მუსიკა, როგორადაც იგი თავად კომპოზიტორის მიერ იყო ჩაფიქრებული.
სამივე რეგიონში — სამტრედიაში, ოზურგეთსა და ზუგდიდში — კონცერტები სრული ანშლაგით ჩატარდა და განსაკუთრებული ემოციური გამოხმაურება მოჰყვა ადგილობრივი საზოგადოების მხრიდან.
რეგიონული კონცერტების დასკვნითი ეტაპი გაიმართება 18 ივლისს, 18:00 საათზე ჯანსუღ კახიძის მშობლიურ ქალაქ ბაღდათში.
ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას, განსაკუთრებით — რეგიონულ დონეზე, სადაც მსგავსი ღონისძიებები ძლიერად ამყარებს კულტურულ თვითშეგნებას და ეროვნულობის განცდას.



