ჯაზფესტივალის სამმა დღემ უკვე ჩაიარა. საიუბილეო, რიგით მეათე მუსიკალური ფესტივალი, რომელიც ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე იმართება, ქუინსი ჯონსს, „მაილს ელექტრიკ ბენდსა“ და ლორენ ჰილს მასპინძლობდა. ჯაზური მუსიკალური ჰანგების შემდეგ, წინა კვირის დასკვნით საღამოზე, ლორენ ჰილმა რიტმ ენდ ბლუზისა და ჰიპ-ჰოპის ნაზავი წარმოგვიდგინა. ამ კონცერტით დასრულდა ჯაზფესტივალის პირველი ნაწილი. 21 ივლისს მსმენელის წინაშე ჯგუფი „პროდიჯი“ წარდგება, რომლის გამოსვლისთვისაც სპეციალურად, დამატებით, ერთი თვითმფრინავი განათება ჩამოდის.
22 ივლისს კი ისეთ საინტერესო კონცერტს მოისმენთ, რომლის გამოტოვებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. „გრემის“, ორი „ოქროს გლობუსის“, მათ შორის კლინტ ისტვუდის „Gran Torino“-სთვის და სხვა ათობით პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი პიანისტი და ვოკალისტი, ჯეიმი ქალამი ყველაზე წარმატებული ბრიტანელი ჯაზმუსიკოსია, რომელსაც 10 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული მსოფლიოში. სწორედ ჯაზური მუსიკაა, რითაც მუსიკალურ სამყაროში შედგა ფეხი, თუმცა სხვადასხვა ჟანრის სიყვარულმა მას სახელი კიდევ უფრო მეტად გაუთქვა.
შეიძლება ითქვას, რომ ჯეიმი ქალამი არის შემსრულებელი, რომელიც ჯაზს კომერციულ ელფერს სძენს და ამას საინტერესოდ და ძალიან მოხერხებულად აკეთებს. რასაკვირველია, ეს ბეწვის ხიდია და შესაძლოა, ჯაზის კონსერვატორ მოყვარულებს მისი ექსპერიმენტები ცნობილი მელოდიების გარშემო არ ესიამოვნოთ, თუმცა ფაქტია, მსოფლიოში მას უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
პოპულარულია მისი ალბომი, რომელიც 2014 წელს გამოსცა და ცნობილი კომპოზიციების ქავერები შევიდა. „იუთუბზე“ ჯეიმი ქალაქმის ინტერპრეტაციით მოისმენთ ისეთ ჰიტებს, როგორიცაა ბრუნო მარსის „Uptown Funk“, რიანას „Don’s stop the music“, ჯასტინ ბიბერის „What do you mean“, ტეილორ სვიფტის „Shake it off“ და ა.შ.
ჯეიმი ქალამი ბათუმში საინტერესო პროგრამით ჩამოდის მუსიკოსებთან ერთად: ტომ რიჩარდსი, რორი სიმონსი, ბრედ ვები და ლოზ გარატი. ასე რომ, ეს ჯაზფესტივალის ის დღეა, რომლითაც მელომანები ისიამოვნებენ!..
ნინო მურღულია
https://www.youtube.com/watch?v=FMHDa1aUzI4