“ევროპის წამლის სააგენტო” (EMA) კვლავ მტკიცედ არის დარწმუნებული, რომ “ასტრაზენეკას” კოვიდვაქცინის სარგებელი აჭარბებს გვერდითი მოვლენების საშიშროებას.
როგორც ევროკავშირის რეგულატორ ორგანოში ამბობენ, სააგენტოს კვლევის მიმდინარეობისას, ჯერ კიდევ არ აქვს მტკიცებულება, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინა თრომბოზს იწვევს.
ამის შესახებ სააგენტო კვლავ აცხადებს მას შემდეგ, რაც ათეულობით ევროპულმა ქვეყანამ ვაქცინის გამოყენება შეაჩერა.
სამშაბათს, “ევროპის წამლის სააგენტომ” და ჯანმო-მ “ასტრაზენეკას” უსაფრთხოებაზე ერთობლივად იმსჯელა.
გუშინ, EMA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ კუკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ექსპერტები ძალიან მკაცრ ანალიზს ატარებენ, შესაბამისი დასკვნა კი ხუთშაბათს გამოქვეყნდება.
მან ასევე აღნიშნა, რომ “ასტრაზენეკას”ვაქცინის კლინიკური კვლევის დროს, თრომბოზის შემთხვევები არ გამოვლენილა.
შეგახსენებთ, “ასტრაზენეკას” გამოყენება თავდაპირველად ავსტრიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა და ლატვიამ შეაჩერა.
ვაქცინის გამოყენება მას შემდეგ შეჩერდა, რაც 4 ადამიანს ვაქცინის მიღების შემდეგ, სისხლის შედედების საშიში მდგომარეობა დაუდგინდა.
მოგვიანებით, აღნიშნული ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმაც.
ევროპის წამლის სააგენტო და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი აცხადებს, რომ არსებული მონაცემები არ იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ ვაქცინა თრომბს იწვევს.