LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ჯერი პარლამენტის წევრებზეა” – მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აქციის მეორე ტალღა

59

უქმე დღეები მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლებმა აქციის მეორე ტალღის გასამართად გამოიყენეს და საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში, ახალი კანონპროექტის წინააღმდეგ მსვლელობები მოაწყეს. საპროტესტო მსვლელობის მეორე ნაწილი, პირველის მსგავსად კვლავ სოც-ქსელების მეშვეობით დაიდგეგმა, თუმცა, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, პირველთან შედარებით გუშინდელი აქცია უფრო ფართომასშტაბიანი გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, რომელიც შსს-მ რამდენიმე ხნის წინ წარადგინა, საქართველოში სხვადასხვა სახის რეგულაციები იგეგმება, როგორც მძღოლების, აგრეთვე ქვეითად მოსიარულეთათვის. თუმცა, მოსახლეობა ყველაზე მეტად მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვის შესახებ პუნქტმა გააღიზიანა, რომლის მიღების შემთხვევაშიც 2016 წლიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება. საპროტესტო აქციების გარდა, ავტომობილის მძღოლები პროექტის გასაჩივრებასაც აპირებენ.

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით აქცის ერთ-ერთ მონაწილესა და ა/ო „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“-ს აღმასრულებელ დირექტორს ვასო ურუშაძეს გავესაუბრეთ.

 

რამდენად ორგანიზებული იყო გუშინდელი აქცია და თუ მოჰყვა მას რაიმე გამოხმაურება კონკრეტული პირების მიერ?

რაც შეეხება ჩვენს გუშინდელ  რიგით მეორე გამაფრთხილებელ აქციას, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აქცია ფაქტიურად იყო თვითორგანიზებული და ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით ხდებოდა კორდინაცია, საკმაოდ ორგანიზებულად და რაც მთავარია ექსესების გარეშე ჩაიარა. საპატრულო პოლიცია ცდილობდა ხელი შეეშალა მსვლელობისთვის, აქციაში მონაწილე ავტომობილების სიმრავლიდან გამომდინარე მათი ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. გუშინ აქციის  შემდეგ  ჯერ-ჯერობით ოფიციალური კომენტარი სახელმწიფოს წარმომადგენლების  მხრიდან  არავის  არ  გაუკეთებია.

 

აქციების მეორე ტალღის  შემდეგ, ელოდებით თუ არა კონკრეტულ ნაბიჯებს შსს-სგან?

ჩვენი აქციის მიზანი იყო, საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მიგვეწვდინა ხმა, რომ მხარი არ დაუჭირონ  საქართველოს კანონში საგზაო მოძრაობის შესახებ ცვლილებებს, კონკრეტულად მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომელიც ძალაში შედის 2016 წლის 1 მარტიდან. რაც შეეხება შსს-ს რა თქმა უნდა ისინი არიან კანონპროექტის ავტორები, მათ შეიმუშავეს ეს ცვლილება კანონში საგზაო მოძრაობის სესახებ, გაიტანეს მთავრობის სხდომაზე, მთავრობამ ეს დაამტკიცა და გადაუგზავნა პარლამენტს  დასამტკიცებლად, შესაბამისად ჯერი პარლამენტის წევრებზეა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, საქართველოს პარლამენტში, როგორც უმცირესობებში ასევე უმრავლესობაში, გამოჩნდებიან დეპუტატები, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ ამ მახინჯ ინიციატივას.

 

თუ პარლამენტი პროექტს დაამტკიცებს, როგორ აისახება ეს ქალაქზე და რა იქნება მარჯვენასაჭიანი მძღოლების შემდეგი ნაბიჯი?

თუ მიუხედავად ჩვენი ადვოკატირების კამპანიისა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნულ კანონპროექტს,  ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ სამოქალაქო კამპანიას. კანონის ფარგლებში მივმართავთ პროტესტის ყველა ფორმას და ასევე აღნიშნულ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

 

რამდენად სწორია რეგულაციები, რომლებიც ახალ კანონშია გაწერილი და განტვირთავს თუ არა ქალაქს?

აღნიშნულ რეგულაციას ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, „ეკო ტრანსპორტ ცენტრი“, რამოდენიმე მიზეზის გამო აპროტესტებს. შსს-ს მიერ დასახელებული რეგულაციის მიღების მიზეზები აბსურდულია: მარჯვენასაჭიანი ავტომობილების როლი საცობების წარმოქმნაში ისეთივეა, როგორც მარცხანასაჭიანი ავტომობილის, შესაბამისად აღნიშნული რეგულაციის მიღებით ვერც საცობების პრობლემას აღმოვფხრით და ვერც მოსალოდნელ სატრანსპორტო კოლაფსს ავირიდებთ თავიდან. თუ გვსურს თბილისში მოძრაობის განტვირთვა და საცობების პრობლემის მოგვარება, აუცილებელია ხელისუფლებამ შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, უპასუხოს გაზრდილი ავტოპარკის გამოწვევას და განავითაროს საგზაო ინფრასტრუქტურა, შექმნას ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, გააჯანსაღოს მუნიციპალური ტრანსპორტი, შეიმუშაოს სწორი სატრანსპორტო პოლიტიკა, მოაგვაროს პარკირების პრობლემა, გამართოს როგორც შუქნიშნები ასევე საგზაო ნიშნები, განავითაროს ქვეითების ინფრასტრუქტურა, გაზარდოს საპატრულო პოლიციის კომპეტენცია, შეიმუშაოს ქალაქის სატრანსპორტო და ურბანული განვითარების სწორი ხედვა და სხვ.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება, როგორც საქართველოს  კონსტიტუციას და ზღუდავს ადამიანის არჩევანის თავისუფლებას და საკუთრების  უფლებას, ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობას საგნების თავისუფალი მიმოქცევის შესახებ.

 

რა გავლენას იქონიებს კანონპროექტით გათვალისწინებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა საქართველოს საავტომობილო ბაზარზე?

საქართველოს მთავრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აანონსებდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ბრძოლას და ამას დღეს უკვე კანონმდებლობის დონეზე აგრძელებს. რეალურად ეს რეგულაცია არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლების და არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანს ართმევენ უფლებას თავად აირჩიოს მას მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ყავდეს თუ მარცხენასაჭიანი. ბოლო წლებში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის გაზრდა საქართველოში გამოწვეულია,  ავტომობილების დაბალი ღირებულებით და ხელმისაწვდომობით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ავტომობილები, რომლის იმპორტიც ძირითადად ხორციელდება იაპონიიდან, თუ შევადარებთ იგივე ღირებულების და ასაკის ამერიკიდან ან ევროპიდან წარმოებულ ავტომობილს, ვნახავთ, რომ იაპონიიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილს, ბევრად ნაკლები გარბენი აქვს, მეტად აკმაყოფილებენ საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს, ბევრად უსაფრთხო და ტექნიკურად გამართულია, ვიდრე ევროპიდან და ამერიკიდან ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია ვერც ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენციას შეაჩერებს ქვეყანაში და მეტიც, ჩვენი გათვლებით, მივიღებთ ბევრად მეტ ტექნიკურად გაუმართავ იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობას ქვეყანაში, რომლებიც მოძრაობის უსაფრთხოების და ეკოლოგიური თვალსაზრისით მეტ საფრთხეს წარმოადგენენ ვიდრე მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.

შესაბამისად აღნიშნული რეგულაცია უარყოფითათ აისახება, როგორც საქართველოს ავტოპარკზე, ასევე  საავტომობილო ბაზარზე.  ათასობით ადამიანი, რომელიც დღეს დასაქმებულია ამ სფეროში დარჩება სამსახურის გარეშე, ეს ეხება ავტოიმპორტიორ კომპანიებს, ავტოდილერებს, გადამზიდავ კომპანიებს, ავტოსერვისებს და სხვა. რომლებიც უშუალოდ იაპონიიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეალიზებით იყვნენ დაკავებულები საქართველოში.