საქართველოში “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსის სიმპტომებსა და გავრცელების მიმდინარეობაზე საუბრისას “ფორტუნას” ეთერში ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით არსებული მონაცემებით, ვირუსს არ ახასიათებს მძიმე და აგრესიული მიმდინარეობა და პანიკის საფუძველი არ გვაქვს.
“ზოგადად, არაენდემურ კერაში, ძირითადად ფიქსირდება მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობა. ჯერჯერობით არსებული მონაცემებით, ვირუსს არ ახასიათებს მძიმე და აგრესიული მიმდინარეობის და პანიკის საფუძველი არ გვაქვს.
“მაიმუნის ყვავილის” ვირუსი 1970 წლიდან არსებობს, თუმცა ეს არის პირველი ეპიდ-აფეთქება, როდესაც ანამნეზი არ უკავშირდება ენდემურ კერას. სწორედ ამიტომაც მიქცია ყურადღება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ.
ზოგადად, “მაიმუნის ყვავილის” ვირუსს არ ახასიათებს ადვილი გავრცელება, ისევე როგორც გრიპს ან კორონავირუსს. ის გადადის ახლო, მჭიდრო კონტაქტით და იმ შემთხვევაში თუ კონტაქტი რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა. გადადება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდა შეხება გამონაყართან და დაინფიცირებული ხელი მოხვდება ჩვენს ლორწოვანზე.
არის საშიშროება “მაიმუნის ყვავილის” ვირუსის ცხოველისგან გადადების, თუმცა ამჟამად არსებული მდგომარეობით, გადადება ხდება ადამიანიდან ადამიანზე.
ინკუბაციურ პერიოდს რაც შეეხება, სიმპტომების გამოვლენა კონტაქტიდან 7 – 14 დღეში ხდება. იწყება ტემპერატურული რეაქციით, სახსრებისა და ყელის ტკივილით, ლიმფური კვანძების გადიდებით. სიმპტომების გამოვლენიდან მესამე ან მეოთხე დღეს ჩნდება გამონაყარი. თავიდან მას ლაქოვანი გამონაყარის სახე აქვს, შემდეგ კვანძებად გარდაიქმნება, მოგვიანებით კი კვანძები იბერება და შიგნით გროვდება სითხე ან ჩირქი. გამონაყარი ვლინდება ხელის და ფეხის გულებზე.
რისკებს წარმოადგენენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც აქვს მოგზაურობის ანამნეზი ან ყოფნა ისეთ ქვეყნებში, სადაც ამჟამად აღნიშნული დაავადება არის გავრცელებული”,- განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.