თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ.
როგორც საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები აცხადებენ, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მხარდასაჭერად მივიდნენ.
სტუდენტების ნაწილის განცხადებით, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ სამართალდამცავი ორგანოები სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში შესვლის ნებას არ აძლევენ.
ადგილზე ასვე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც არიან, რომლების თსუ-ს სტუდენტების მხარდასაჭერად მოვიდნენ. სტუდენტები სკანდირებენ -“შეუშვით”.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში საპროტესტო მუხტი არ დავარდეს.
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით „ამ არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სისტემურ, განგრძობად პროტესტს“.
ვაშაძის თქმით, მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ამ არჩევნებს ხალხი არ ცნობს ლეგიტიმურად.
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც:
„ჩვენი მომავლის სადარაჯოზე ვრჩებით, საქართველოს ევროპულ გზას აუცილებლად დავიცავთ, – ამის შესახებ ბათუმის უნივერსიტეტთან სტუდენტთა ნაწილმა ისაუბრა, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი თქმით, პროტესტის ნიშნად ბათუმის უნივერსიტეტის შენობაში ღამეს კვლავ გაათენებენ.
საპროტესტო აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
„თსუ-ს სტუდენტებს სოლიდარობას ვუცხადებთ და ჩვენ მათთან ერთად ვართ, – აღნიშნულ ერთობლივ მიმართვას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის სტუდენტები ავრცელებენ, რომლებიც ბსუ-ს შენობაში მეორე ღამეა პროტესტის ნიშნად იმყოფებიან.
მათი განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მათთან ერთად ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
„გვინდა მათ ვუთხრათ, რომ გამაგრდნენ. ჩვენ მათ გვერდით ვართ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – აცხადებენ სტუდენტები.