დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორმა ჯინ შაჰინმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.
როგორც შაჰინმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას შეუძლია რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს.
„მესმის, რომ ქართველი ხალხი, რომელიც უდიდესი უმრავლესობით მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმედგაცრუებული იყო იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ, მაგრამ საქართველოს არა. საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია კრიტიკული რეფორმების განხორციელების მიმართულებით ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაწინაურებლად, მაგრამ რჩება გარკვეული სფეროები, რომლებიც პროგრესს მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობას შეუძლია ამ რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, ინკლუზიური პროცესის წარმართვით, პროგრესს მიაღწიოს.
ქართველი ხალხი თავს დაუცველად გრძნობს და მე ვიცი, რომ შეერთებულ შტატებში არსებობს მხარდაჭერა იმისთვის, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს მთავრობას, წინ წაწიოს ინკლუზიური რეფორმების ძალისხმევა. ჩვენი გზავნილია: „დაგვეხმარეთ იმაში, რომ დაგეხმაროთ“ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“, – განაცხადა შაჰინმა „ამერიკის ხმასთან“ მადრიდის ნატოს სამიტის შემდეგ, სადაც ის საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ამერიკელი კანონმდებლების დელეგაციასთან ერთად შეხვდა.