„ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დიდი პროგრესი არ არის. საჭიროა გარკვეული კვლევები. მიმდინარეობს ექსპერტიზა“, – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა და თქვა, რომ საჭიროა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება, რადგან ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის საქართველოში მკურნალობა შეუძლებელია.
როგორც ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოსტიკა. მისივე თქმით, ამისთვის აუცილებელია სხვა მულტიპროფილური ცენტრი, სადაც მსგავსი პაციენტების მკურნალობის გამოცდილება არსებობს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საჭიროა სასჯელის გადავადება, ვინაიდან, სამწუხაროდ, ამ მდგომარეობის საქართველოში მკურნალობა შეუძლებლად მიგვაჩნია.
აუცილებელია მიზეზზე ორიენტირებული მკურნალობა. მიზეზის დადგენა გარკვეული კვლევებით, რომელიც საქართველოში ტარდება შეუძლებელია“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას შეცვლის უცხოელი ექსპერტის ჩართვა კვლევის პროცესში, ჯიშკარიანმა უპასუხა, რომ მედიცინაში, რაც უფრო მეტი კვალიფიციური ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას ეს არის მხოლოდ სასარგებლო. მისივე თქმით, სხვა საერთაშორისო ექსპერტის მოწვევასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
ჯიშკარიანმა ასევე ისაუბრა ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აღნიშნა, რომ წამყვანია ნერვოლოგიური სისტემის პრობლემა, ასევე კვებითი დარღვევა და ამიტომ საჭიროა მიზეზზე ორიენტირებული მკურნალობა.
„ეს მკურნალობა, ალბათ იქნება ძალიან რთული და ხანგრძლივი.“– განაცხადა„ემპათიას“ ხელმძღვანელმა.