საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ,,ისევ ისე გამოიყურება და განწყობაც ისეთივე აქვს, როგორც აქამდე ჰქონდა“.
მისი თქმით, ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას ერთ კვირაში დადებენ.
ალასანია მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ დასკვნის დადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ეჩქარება, რადგან მისი მდგომარეობა არ შეცვლილა.
„რაც გუშინ ექსპერტებისგან მოვისმინე, ძალიან დიდი მოცულობის სამუშაოა ჩატარებული, ზოგი ნაწილი კი დასამუშავებელია. როგორც ვიცი, ხვალ კიდევ აპირებენ შემოსვლას და ალბათ შეკითხვები და პასუხები კიდევ დაემატება. გუშინ, როგორც მე დამპირდნენ მაქსიმუმ ერთ კვირაში ყველაფერი დასრულდება და დასკვნას დადებენ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი შვილის მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან მეჩქარება”,- განაცხადა გიული ალასანიამ.
ამასთან, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ძირითადი საფიქრალი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაა.
,,ძირითადად, მისი საფიქრალი ევროკავშირია. ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდა წერილი აქვს გაგზავნილი, ყველას მიმართავს და სთხოვს, რომ საქართველოს კანდიდატობის სტატუსი მისცენ, რადგან მიაჩნია, რომ საქართველო ამას იმსახურებს”,- განაცხადა ალასანიამ.