LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ინფექციონისტი: „სანდო წამლებისა და კვლევების არარსებობის გამო კიდევ უფრო ძლიერდება სოციალური დისტანცირების მნიშვნელობა“

405
mamuka-machaidzenewssss

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფექციონისტი, მამუკა მაჩაიძე, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს აშშ–ში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ეკა კვესიტაძეს ჩაერთო გადაცემაში და ბევრ საინტერესო საკითზე ისაუბრა, რომელიც კოვიდ–19–ს უკავშირდება.

როგორც აშშ–ში მოღვაწე ქართველმა ინფექციონისტმა აღნიშნა, ჯერჯერობით არც ერთი კვლევა, რაც ჩატარდა, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ექიმებმა რომელიმე კონკრეტული პრეპარატი გამოიყენონ კორონავირუსთან საბრძოლველად, ამიტომაც მთავარი, რაც დაავადების წინააღმდეგ ეფექტურია და მოქმედებს, ეს ისევ სოციალური დისტანცირება და ექიმების რეკომენდაციების დაცვაა – „სანდო კვლევებისა და წამლების არარსებობის გამო კიდევ უფრო ძლიერდება სოციალური დისტანცირების მნიშვნელობა და ყველა რეკომენდაციის დაცვის აუცილებლობა, რასაც ექიმები გავცემთ“.

„სახლში დასვენებისა და უამრავი სითხის მიღების გარდა, პაციენტთა უმრავლესობას არაფერი დასჭირდება… თუ ჩვენ დაველოდებით მთავარ გარღვევას პრეპარატის დამზადების კუთხით, რომ ამ წამალს დავლევთ და განვიკურნებით, ასეთი რამ, დიდი ალბათობით, არ მოხდება ან თუ მოხდება, ამას დასჭირდება ძალიან დიდი დრო.

ამ თვის ბოლოს დაიდება აშშ–ში მონაცემები, მაგრამ შეიძლება, ყველა პრეპარატზე ითქვას, რომ არც ერთი არ მუშაობს, შეიძლება, რომელიმეზე მოვიდეს დადებითი პასუხი, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი ამ დაავადების დროს იქნება არა მკურნალობა, არამედ მისი კონტროლი“.

მამუკა მაჩაიძე ასევე საუბრობს პრეპარატებზე პლაქვენილი და აზითრომიცინი და მათ უკუჩვენებებზე. ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ეს პრეპარატები იწვევს გულზე გართულებებს, მათ შორის, საშიშ არითმიებს და ასევე თვალების დაზიანებას, რამაც შესაძლოა, პაციენტის სიბრმავე გამოიწვიოს…

ის ასევე აღნიშნავს, თუ როგორ მკურნალობენ მის უნივერსიტეტში პაციენტებს და დასძენს, რომ ამერიკის წამლების ასოციაციამ მისცა ნებართვა, დაიწყონ პლაზმის გამოყენება, ანუ როდესაც გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლით იწყებენ პაციენტების მკურნალობას, თუმცა ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ კრიტიკული პაციენტებისთვის, ისევე, როგორც კიდევ ერთი პრეპარატი, რომელსაც მამუკა მაჩაიძე არ ასახელებს, ვინაიდან ოფიციალური კვლევებით ჯერჯერობით არ დასტურდება მისი ეფექტურობა კორონავირუსის წინააღმდეგ. „პლაზმის გამოყენება არის ყველაზე უსაფრთხო. პრაქტიკულად, მას უკუჩვენება არ აქვს, თუმცა შეგროვების თავისი წესები აქვს და პროტოკოლი, რომელიც უკვე არსებობს. გარდა ამისა, არის ერთი პრეპარატი, რომელსაც არ დავასახელებ, თუმცა ის არ იყიდება აფთიაქებში, რომელიც 6–7 პაციენტზე გამოვიყენეთ და ყველა შემთხვევაში პაციენტებშის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ ამას სჭირდება უფრო ფართო კვლევა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები