საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, 75 000 ლარით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა.
როგორ სემეკ-ში აღნიშნავენ, დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენებების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა, რაც წარმოადგენს წესების დარღვევას.
„სემეკში შემოსული მოქალაქეთა საჩივრების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამდენიმე თვის ან/და წლის შუალედში, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ რამდენიმე თვის გადასახადის გადახდა. ამასთანავე, მომხმარებლები საჩივრებში მიუთითებდნენ, რომ 2021 წელს კომპანიის მიერ აღებულ რეალურ ჩვენებებში შესული იყო 2020 წელს მოხმარებული წყლის მოცულობებიც, რომლებიც შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ დაანგარიშდა ახალი ტარიფით და არა 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ტარიფით.
სემეკის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მრიცხველიანი მომხმარებლების უმეტესობის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მსგავსი ტიპის დარღვევებს. კომპანიას განემარტა, რომ დარღვევების აღმოუფხვრელობის, ან მათი განმეორების შემთხვევაში, სემეკი იმსჯელებს კომპანიის განმეორებით დაჯარიმებაზე”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, კომპანიამ ჯარიმა 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.