LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯო დე კირიკოს გამოფენა საქართველოში 26 მარტს გაიხსნება        

684
chiriko

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში აგრძელებენ იტალიური გამოფენების ციკლს და ამჯერად წარმოგიდგენთ მეტაფიზიკური მხატვრობის ფუძემდებლის – ჯორჯო დე კირიკოს (1888-1978) ნამუშევრების გამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

სიურრეალიზმის ერთ-ერთ უდიდეს წინაპირობად დე კირიკოს მეტაფიზიკური ფერწერაა მიჩნეული. მხატვარი ქალაქების სტრუქტურას, სახლების არქიტექტურას, კვადრატებს, ბაღებს, საჯარო მსვლელობებს, კარიბჭეებსა თუ რკინიგზის სადგურებს გადმოსცემს კაშკაშა განათების, მკვეთრი ჩრდილებისა და მკაფიო ფერების მეშვეობით და თითქოს მარადიული ფორმების იდეალს ამკვიდრებს. მხატვრის ნამუშევრებში ხშირად ჩანს ანტიკური და რენესანსული მოტივები.

იტალიელი ხელოვანი თავის შემოქმედებაში იყენებს ეზოთერიზმის პრინციპებს და გულგრილი ვერ რჩება ენიგმატური შინაარსის მქონე მიმდინარეობის მიმართ – მან შეძლო უსულო საგნების საიდუმლო მნიშვნელობით გაჯერება, რაც კარგად ჩანს მის პირველივე მეტაფიზიკურ ნამუშევარში „შემოდგომის შუადღის ენიგმა“ (The Enigma of an Autumn Afternoon“).

გამოფენისთვის – „ეზოთერიკოსი დე კირიკო. მოგზაური ორ სამყაროს შორის“ შეირჩა 1920-1970-იან წლებს შორის შექმნილი თხუთმეტი ნამუშევარი. ექსპოზიცია თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ დე კირიკოს ყველაზე „ნატურალისტური“ ნამუშევარიც კი ყოველთვის სიურრეალისტურ სამყაროზე მიანიშნებს.

საქართველოში იტალიური გამოფენების კოორდინატორია იტალიის საელჩო საქართველოში. აღნიშნული გამოფენების ციკლი ორი ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციას შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია: იტალიის მხრიდან – საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’italiana”, საქართველოს მხრიდან კი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი. გამოფენა იმართება იტალიის კულტურულ ასოციაცია “მეტამორფოზისთან” თანამშრომლობით.

გამოფენის ოფიციალური გახსნა: 26 მარტი, 19:00.

გამოფენა საჯაროდ ღია იქნება 27 მარტის 10:00 საათიდან.

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ.11.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g