LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს სახელით დაავადებათა კონტროლის ცენტრს 10 000 ლარი ჩაერიცხა (ვიდეო)

757
12 თეოდორე

მსოფლიო ეპიდემიასთან დაკავშირებულ კრიზისსა და გამოწვევებზე ვრცელ მიმართვას წერს მამა თეოდორე გიგნაძე. მოძღვარი სახელმწიფოსა და ეკლესიის თანამშრომლობის აუცილებლობაზე საუბრობს და განმარტავს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობას. მისი განმარტებით, ღვთისმსახურებაში გარკვეული რეგულაციები უკვე განხორციელებულია, თუმცა მდგომარეობის მიხედვით შესაძლო დამატებით ღონისძიებებს არ გამორიცხავს.

„ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, ხალხთან და ერთგვარად ორ ფრონტზე გვიწევს ბრძოლა: ერთი მხრივ, ვუერთგულოთ ჩვენს სარწმუნოებას და მთელი ერისთვის ვიყოთ ღმერთის ღვთაებრივი ენერგიისა, რომელიც არის საკურნებელი და გადამრჩენელი ყოველი ადამიანისა, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანურ სიბრტყეში გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება ნაკლებად დაზარალებული გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. ჩვენ გარკვეული რეგულაციები შემოვიტანეთ ღვთისმსახურებაში, რომელთა შესახებ ადრე განვაცხადეთ. გარდა ამისა, მდგომარეობის ცვლილების მიხედვით შემოვიტანთ ახალ-ახალ რეგულაციებს”, – აცხადებს მამა თეოდორე.

მოძღვარი წერს, რომ ქართველი მრევლი გამოირჩევა სამოქალაქო პასუხისმგებლობით და სწორედ მისი ინიციატივით, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ანგარიშზე გადაირიცხა 10 000 ლარი.

“ჩვენი მრევლი, მართლაც როგორც ღვიძლი შვილნი მსოფლიოს და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, გამოირჩევა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით. მათი ინიციატივაა ის, რასაც ახლა გავაჟღერებ: მათ გადაწყვიტეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს თანადგომა გამოუცხადონ და ეს თანადგომა ვლინდება 10 000 ლარის ოდენობის დახმარებაში, რომელიც, რა თქმა უნდა, ზღვაში წვეთია, მაგრამ გვახარებს, რომ მრევლში ის სულისკვეთებაა გაცოცხლებული, რომლიც ზოგადად უნდა იყოს ეკლესიაში – როდესაც განსაცდელის ჟამს ერი და ბერი ერთმანეთის თანადგომას გამოხატავს და ეს არის სული ეკლესიისა და ჩვენი ტაძარი, როგორც ცოცხალი უჯრედი ჩვენი დედა ეკლესიისა, სწორედ ამ სულისკვეთებას ავლენს” – აცხადებს მამა თეოდორე გიგნაძე.

ის ასევე წერს, რომ ჯვართამაღლების ტაძრის ერთ-ერთი მღვდელი საბა თავაძე, მზად არის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს საკუთარი ავტომანქანა გამოუყოს.

“ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი ღვთისმსახური, მღვდელი საბა თავაძე, ოჯახთან შეთანხმებით, სანამ ეს განსაცდელია და სანამ ეს უმძიმესი პრობლემა მოგვარდება, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისთვის გაიღებს საკუთარ მანქანას, რომელიც იმ დრომდე, იმ ბოლო დღემდე იქნება ამ ცენტრის საკუთრებაში, სანამ ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაში იარსებებს” – წერს ტაძრის წინამძღვარი.

მამა თეოდორე მიმართვის ბოლოს, იმედს გამოთქვამს, რომ უფლის შეწევნით, მტკიცე რწმენითა და ერთობით, საქართველო გამოვა შექმნილი მდგომარეობიდან.

 

https://www.facebook.com/JvartamaghlebaChurch/videos/211456880090138/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g