„როგორ მოვკალი არ მახსოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე“ – ასე მიმართა 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს სასამართლო პროცესზე.
როგორც პროცესზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს, ახასიათებს აგრესიულობა, ზედაპირული ემოციები, ლიდერის პოზიცია სოციალურ გარემოში.
საერთო ჯამში, სპეციალისტის თქმით, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის მომენტში ფიზიოლოგიურ აფექტში არ იმყოფებოდა.
„ხელითაც შევხებივარ… „კაიფში“ ვიყავი, ფხიზელი არ ვიყავი, ღამე იყო, რაღაც ელემენტარულზე დავიწყეთ, მკვლელობა მოხდა, არ მახსოვს, გამთენიისას მოვედი გონს და ქალაქგარეთ ვიყავი, როგორ მოვკალი არ მახსოვს, მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი, დანა ზუგდიდში არ მქონია, სისხლიანი ტანსაცმელი ნაგავში გადავაგდე”- განუცხადა ცინდელიანმა ექსპერტიზის ჩატარებისას ექსპერტს.
სამედიცინო ექსპერტის, გულნაზ ტატანაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად, საფეთქლის მიდამოდან მეტალის საგანი – დანის წვერი ამოიღეს.
როგორც ტატანაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სწორედ გულნაზ ტატანაშვილმა ჩაუტარა მოკლულის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა.
ექსპერტის განმარტებით, ქეთევან ჯავახიშვილს სხეულის ყველა მიდამოში მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები და ნაკაწრები, საერთო ჯამში, 59 დაზიანება ჰქონდა.
როგორც ექსპერტმა განაცხადა, მოკლულს ყველაზე მეტი ჭრილობა თავზე, ყველა ნაწილში ჰქონდა, ასევე, ზურგის, მტევნებისა და ქვედა კიდურების მიდამოებში.
ექსპერტის თქმით, მოკლულს ყველა ჭრილობა და ნაკაწრი სიცოცხლის დროს ჰქონდა მიყენებული.
სასამართლოში ჩვენება მისცა ასევე ოთარ ცინდელიანის ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა. მისი განმარტებით, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში სრულად შერაცხადი იყო.
ცნობისთვის, ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს, რომელიც ამასთანავე, მოკლულის ნათლიის შვილია.
ცინდელიანი უწყებაში თავად გამოცხადდა, თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, მას ქვეყნის დატოვების მცდელობა ჰქონდა.
ქეთი ჯავახიშვილს სხეულის თითქმის ყველა ორგანოზე 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
ოთარ ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.