უმრავლესობის დაშლის საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე პროცესების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, გუნდშივე უნდა მოხდეს ყველა საკითხის განხილვა და პოზიციების შეჯერება.
“მე მგონია, უნდა მოხდეს გუნდში ყველა საკითხის განხილვა და გუნდშივე უნდა მოხდეს შეჯერება, როგორ და რა იქნება. მე მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობას დაშლის საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ჩვენს ირგვლივ შეკრებილი არიან ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან სახელმწიფოებრიობას, ქართველ ხალხს და შესაბამისად, ჩვენი ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი პრობლემა, რთული ბარიერების გადალახვა გვიწევს 2012 წლის შემდეგ, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, ბევრი სირთულე იყო, დღესაც არსებობს პრობლემები და გამოწვევები, თუმცა ჩვენი ერთობით შევძლებთ ამ გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებას, რა თქმა უნდა ხალხთან ერთად”, – განაცხადა კალაძემ.