დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისთან დაძმობილებული ქალაქის – ბრისტოლის მერ მარვინ რისს შეხვდა.თბილისის მერიის ინფორმაციით, საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. კახა კალაძემ მარვინ რისს თბილისში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. თბილისის მერმა ყურადღება ასევე გაამახვილა დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტისა და ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტებზე.
“ბრისტოლი და თბილისი დაძმობილებული ქალაქებია. მიმდინარე წელს ჩვენი დაძმობილების დღიდან 30 წელი სრულდება. ძალიან მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარებაზე. ბრისტოლს ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, რომლის გაზიარებაც ჩვენი ქალაქისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. გარდა ამისა, განვიხილეთ სხვადასხვა კულტურული პროექტი. ვისაუბრეთ მომავალ წელს თბილისში ქუჩის მუსიკოსების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარებაზე. ვფიქრობ, რომ ორივე ქალაქს თანამშრომლობის ძალიან დიდი რესურსი აქვს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
ბრისტოლის მერმა მზადყოფნა გამოთქვა, ამ კუთხით არსებული გამოცდილება თბილისის მუნიციპალიტეტს გაუზიაროს.
“დღეს ვისაუბრეთ იმ საერთო გამოწვევების შესახებ, რომელთა გადასაჭრელადაც ერთად მუშაობა შეგვიძლია. მათ შორისაა ჰაერის დაბინძურება, მდგრადი განვითარება და ღამის ეკონომიკის ხელშეწყობა. მთავარია, რომ ამ ყველაფრის სათავეში ბრისტოლისა და თბილისის მეგობრობა დგას, რაც სამომავლოდ კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ”, – აღნიშნა მარვინ რისმა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ბრისტოლისა და თბილისის დაძმობილების 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების თემას. აღსანიშნავია, რომ იუბილის ფარგლებში, მიმდინარე წლის 19 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის ისტორიის მუზეუმმა ქართველი და ბრიტანელი ხელოვანების ერთობლივ გამოფენას, სახელწოდებით “ერთიანობა განსხვავებულობაშია, ბრისტოლი და თბილისი: 1988-2018” უმასპინძლა, ხოლო 27-28 სექტემბერს, ბრისტოლის მხარის მიწვევით, დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ წამყვან მოკლემეტრაჟიან და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე (The Encounters Film Festival) საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგა.
ქართულ და ბრიტანულ ბიზნესსექტორებს შორის ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობის მიზნით, “თიბისი ბანკისა” და ბრისტოლის “სავაჭრო გილდიის” ორგანიზებით, 12 ოქტომბერს დაგეგმილია ერთობლივი ბიზნესკონფერენცია, რომელშიც თბილისისა და ბრისტოლის მერები მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრას, ბრისტოლის მერთან ერთად, ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკკენზი სმიტი, ბრისტოლის სავაჭრო პალატის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს დური და ბრისტოლის მერიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელი ალიქს ჰიუზი.