LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა მიქიაშვილი: „თან დილის ეთერში ვიყავი, თან ჯვრისწერა მქონდა, დავეთხოვე, შემდეგ კი დამირეკა სალომე გოგიაშვილმა და მითხრა, გაგვიშვეს სამსახურიდან წამყვანებიო“

1131
კახა-მიქიაშვილი

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, კახა მიქიაშვილი. მან არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა და წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.

კახა, დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, როგორი ბავშვობა გქონდა?

კარგი პერიოდი იყო, მე კარგი ბავშვობა მქონდა. ბოლო შვილიშვილი ვიყავი, მანებივრებდნენ, ჩემი ბავშვობა რაჭასთან ასოცირდება, რაჭაზე მეტად არაფერი მიყვარს. დღემდე მესიზმრება ხოლმე ის პერიოდი, ის დღეები ის ადამიანები. ყოველ წელს დავდივართ ხოლმე რაჭაში. ძალიან მიყვარს მოგზაურობა, სულ სადღაც ვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის სამყაროში არ არსებობს იმაზე კარგი ადგილი, ვიდრე რაჭაა. მაშინ იმ პერიოდში არ არსებობდა კომპიუტერი, ტელეფონი, იყო რეალური ურთიერთობები, მდინარე, სეირნობა. ჩემი პირველი როლი და ჩემი პირველი სპექტაკლი უკავშირდება რაჭას. „კაცია ადამიანი“ დავდგით, 7-8 წლის ვიყავი ალბათ, ლუარსაბის როლი ვითამაშე.

საიდან წამოვიდა სურვილი, ყოფილიყავი მსახიობი?

როცა მეკითხებოდნენ, რა უნდა გამოვსულიყავი, არ მქონდა სტანდარტული პასუხი, არ მინდოდა გამოვსულიყავი კოსმონავტი, მეხანძრე. ჩემი პასუხი იყო, რომ მინდოდა მსახიობობა. ჩემი სურვილი მშობლებმაც ჩვეულებრივად, ბუნებრივად მიიღეს.

ვინ მოგკიდა ხელი, ვინ დაგეხმარა იმ პერიოდში, თანაც 90-ინი წლები იყო…

გამართლებას ვეძახი მე, ნიჭთან ერთად იღბალია საჭირო. გამიმართლა ნამდვილად და გამიმართლა პედაგოგშიც, შალვა გაწერელია გახლდათ ჩემი პედაგოგი, რომლის ხელშიც უამრავი მსახიობი გაიზარდა. მე მასთან რომ არ მოვმხდარიყავი, შესაძლოა მე დღეს მსახიობი არ ვყოფილიყავი. ჩემი პირველი შემფასებელი მუდამ ბატონი შალვა იყო. ზოგადად არ ვარ ოჯახში კომუნიკაბელური, არ მიყვარს, როცა მაქებენ. რაც შეეხება კრიტიკას, არ მქონია ასეთი შემთხვევები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ადამიანში სიყალბეს მუდამ ვატყობ.

რა იყო შენთვის ყველაზე დიდი ცხოვრებისეული წარმატება?

ოფიციალურად მაქვს 3 სამსახური და ამას პლუს რამდენიმე შიდა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი, ძალიან ზარმაცი ვარ და საკუთარ თავს ვაკლებ ბევრს რამეს, ამიტომ არ მაქვს ის მომენტი, რომ მე წარმატებული ვარ. იყო ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი, წარმატებული საფეხურები, სულ მაქვს განცდა, რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ მაქვს. ტელევიზიაშიც გამიმართლა, ისე მოვხვდი, მაშინ „პირველ არხზე“ მახსოვს გია ჯაჯანიძე დამხვდა, გადაცემა იყო „დილის პაემანი“ 2001 წელი იყო. 4 წელი ვიმუშავე. შემდეგ „იმედში“ გადავედი. მივედი მაშინ ჩემს შეყვარებულთან, შემდეგ კი უკვე ჩემს მეუღლესთან, სალომე არშბასთან. სალომე გოგიაშვილი ჩემი მეგობარია, მან მითხრა, დილის წამყვანზე ვაკანსიააო და ამიყვანეს. მახსოვს დილის ეთერში ვიყავი, თან ჯვრისწერა მქონდა სალომესთან და ვთხოვე ქორწილი მაქვს მეთქი და იმედია არ იქნება პრობლემა მეთქი, წავედი. შემდეგ დამირეკა სალომე გოგიაშვილმა და მითხრა, გაგვიშვეს წამყვანებიო. ახალი ხელმძღვანელი მოვიდა ჩვენთან, აღარ მოვწონდით. შემდეგ „საპატრიარქოს არხზე“ მოვედი. წლებია მანდ ვარ, მაქვს ჩემი საავტორო გადაცემა.

თუ გახვეულხარ რაიმე სკანდალში პირადის კუთხით?

არასდროს ვსაუბრობ პირადზე, არ მიყვარს პირადზე საუბარი, ამიტომაც, არასდროს გამიგია რაიმე. ერთადერთი მახსოვს, ჩემი და სალომეს თემა იყო და აპირებდნენ, ჟურნალში რაღაცას და ესეც არ გამოუვიდათ. ძალიან ბევრი მეგობარი და კოლეგა გამინაწყენებია ამით, იმით, რომ არაფერი მითქვამს. ეს ჩემია, ჩემი პირადია არ მიყვარს ამაზე საუბარი.

შენზე ამბობენ, რომ მექალთანე ხარ და წლების წინ ერთ-ერთ მომღერალთან რომანი გქონდა

მომღერალთან? მსგავსი არაფერი მახსენდება. არ მაქვს პრობლემა, რაც უნდათ, ის ისაუბრონ.

გაგვიზიარე შენი გეგმები, გვესაუბრე სიახლეების შესახებ…

ახლაც რეპეტიციიდან მოვდივარ. ჩემს მშობლიური „თავისუფალ თეატრში“ რამდენიმე პრემიერა იგეგმება. ერთ-ერთში მე ვიღებ მონაწილეობას. ეს არის ბატონი გიორგი სიხარულიძის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, „ძაღლის გული“. აპრილში იქნება პრემიერა. არის რაღაც შემოთავაზებებიც ფილმების კუთხითაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები