“მირზა სუბელიანმა კახა სირაძეს, რომელიც სუბელიანთან ვალში იყო, უთხრა, რომ ფარდულისთვის “ყურადღება მიექცია,” – ამის შესახებ ზვიად კუპრავამ საგამოძიებო კომისიასთან განაცხადა. მისი თქმით, იმ განყოფილების უფროსი კახა სირაძე, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე ჰქონდა ჩაბარებული, პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ ფარდული ყოფილიყო დაცული.
“როცა ვანო მერაბიშვილი დაიჭირეს, კახა სირაძე თავის თანამშრომლებთან ერთად დაიბარეს გენინსპექციაში, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი იყვნენ ვანო მერაბიშვილის უახლოესი გარემოცვა შსს-ში და მოსთხოვეს მას პატაკების დაწერა და უთხრეს, რომ უნდა წასულიყვნენ სამსახურიდან. დაწერეს პატაკები, თუმცა, თარიღი არ იქნა დასმული, რის შემდეგაც კახა სირაძემ დაურეკა მის უახლოეს მეგობარს მირზა სუბელიანს და სთხოვა შუამდგომლობა იქნებ დაგვეხმაროთო, რომ სამსახურიდან არ წასულიყვნენ. თავის მხრივ სუბელიანმა გაუწია შუამდგომლობა მათ და სრულად არა, თუმცა, მათი ნაწილი დატოვეს შსს-ში, მათ შორის, კახა სირაძე. ეს რა თქმა უნდა იყო დამსახურება სირაძის უახლოესი მეგობრის, მირზა სუბელიანის,” – განაცხადა ზვიად კუპრავამ.