LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში 179 ჰა მიწის ფართობზე ხეხილის ბაღები გაშენდება

735

კახეთის რეგიონში 179 ჰა მიწის ფართობზე ახალი ხეხილის ბაღები გაშენდება. 20-მა ბენეფიციარმა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსება მიიღო.

როგორც „ფორტუნას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კახეთში, სიღნაღის, გურჯაანის, თელავისა და ლაგოდეხის რაიონებში 179 ჰა მიწის ფართობზე წლის ბოლომდე ვაშლი, ატამი, ქლიავი, ხურმა, ბროწეული და ბალი გაშენდება. ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გასაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 954 ჰა-ს ხოლო დაფინანსების მოცულობა 5 მილიონ ლარს აღემატება.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს: ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს; სანერგე მეურნეობის შემთხვევაში – მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის 2016 წლის განმავლობაში 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი სანერგე მეურნეობის მოწყობა. სოფლის მეურნეობის სამინისტროში ფიქრობენ, რომ ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლების და საექპორტო პოტენციალის ზრდის პროცესს.