„ნამდვილად ვერ მივიღებ მსგავს დამოკიდებულებას. როდესაც თავად იყვნენ ხელისუფლებაში, შეიძლება, ამას აკეთებდნენ და ჰგონიათ, სხვაც იმავეს აკეთებს. ზუსტად ესაა განსხვავება მათსა და ჩვენს შორის“, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
„მეც ასე ვფიქრობ, რომ დამბლოკეს“ – მერაბ სეფაშვილი საახალწლო კონცერტზე
კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები, რომლებიც დედაქალაქში ყოველწლიურად იმართება, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლების მიერ იგეგმება და ის მსგავს გადაწყვეტილებებში არასდროს ერევა.
დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო გალაკონცერტში, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გაიმართება, სხვადასხვა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას და საზოგადოება საინტერესო წარმოდგენას იხილავს.
„როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე, ვიღებდე გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა მიიღოს კონცერტში მონაწილეობა და ვინ არ უნდა იმღეროს – ვიღაც იმღერებს, ვიღაც არ იმღერებს, ვიღაც ხვალ იმღერებს, ვიღაც ზეგ. ღმერთია მოწმე, რომ არასდროს ჩავრეულვართ და არ მიგვიღია ისეთი გადაწყვეტილება, რომ მე განვსაზღვრო, თუ ვინ უნდა იმღეროს, ვინ გამოვიდეს, როგორი წარმოდგენა და გაფორმება იყოს. ამ ყველაფერში კვალიფიციური ადამიანები არიან ჩართული.
შარშან და შარშანწინ იყო, რომ ვიღაცას არ მოუწია სიმღერა. ამიტომ, საზოგადოება გამოვიდა და მერია გაკიცხა, ეს რა კონცერტები მოაწყვეს, ვინ რას მღეროდა, ვერ გავიგეთო. მართლა არ ვიცი სიმღერა, თორემ მაგასაც არ დავზარდებოდი, მე გამოვიდოდი და ვიმღერებდი, მაგრამ არ ვიცი, არ მაქვს ეს ნიჭი“, – განაცხადა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
26 დეკემბერს ცნობილი გახდა სია იმ მომღერლების, რომლებიც ახალი წლის ღამეს, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო კონცერტზე იმღერებენ.
იხილეთ ვრცლად:
ცნობილია, ვინ იმღერებს 31 დეკემბერს თბილისში, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაზე