დედაქალაქის ახლადარჩეულმა მერმა, თავისი გუნდის წევრებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს თბილისის მეტროპოლიტენით კიდევ ერთხელ იმგზავრა.
კახა კალაძე მეტროსადგურებში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და მეტროს მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მეტროს ყველა სადგურის რეაბილიტაცია და ამისთვის ყველა მიმართულებით აქტიური მუშაობა დაიწყება.
„საუბარია სამ მიმართულებაზე- მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე, ვაგონების განახლებაზე ან შეიძლება ვიფიქროთ ახალი, თანამედროვე ტიპის ვაგონების შემოყვანაზე, რომელსაც ექნება 50-წლიანი გარანტია; ასევე აუცილებელია კომუნიკაციების – ელექტროგაყვანილობა, საჰაერო, სახანძრო და წყალსაქაჩი სისტემების მოწესრიგება“, – განმარტა თბილისის არჩეულმა მერმა.
კახა კალაძის თქმით, მნიშვნელოვანი იქნება მეტროპოლიტენის ვიზუალური მხარეც- ერთიანი დიზაინის შემუშავებაზე მუშაობა დაიწყება მთლიანად საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით.