LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კამერა თანამშრომელი ქალების გასახდელში – ვიდეოთვალთვალი სამუშაო ადგილებზე

535

საქართველოში მოქმედ ზოგიერთ კერძო კომპანიაში სამუშაო ადგილებზე ვიდეო თვალთვალი დასაქმებული პირების გაფრთხილების გარეშე მიმდინარებს, – ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში ნათქვამია, რომ დამსაქმებლები ვიდეომონიტორინგს თანამშრომლების ქცევის, ჩაცმულობის, კომუნიკაციის კონტროლის მიზნით იყენებენ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საფინანსო ორგანიზაციები, სავაჭრო ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები, სასტუმროები, სააფთიაქო ქსელები, ავტოგასამართი სადგურები და საჯარო დაწესებულებები შეისწავლა.

2 400 ვიდეო სათვალთვალო მოწყობილობის მუშაობის შესწავლის შედეგად არა ერთი დარღვევა გამოვლინდა. 25 ორგანიზაციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო ჯარიმა დაეკისრა.

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ვიდეომონიტორინგის ფაქტებიც

“საანგარიშო პერიოდში, მედიასაშუალებების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კომპანია მის მფლობელობაში არსებული სავაჭრო ობიექტების გამოსაცვლელ ოთახებსა და ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში ახორციელებდა ვიდეოთვალთვალს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა ინფორმაციის გავრცელებისთანავე დაიწყო საკითხის შესწავლა. შემოწმების შედეგად დადგინდა,
რომ ვიდეოთვალთვალი მიმდინარეობდა სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) ქალი თანამშრომლებისთვის განკუთვნილ გამოსაცვლელ ოთახებში. კომპანიის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ ეს მაღაზიებში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზანს ემსახურებოდა, ხოლო ვიდეო- მონიტორინგის განხორციელების საფუძველს წარმოადგენდა თავად სავაჭრო ობიექტებში დასაქმებული პირების წერილობითი მოთხოვნა (აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება კომპანიის მიერ არ იქნა წარმოდგენილი).

ინსპექტორის გადაწყვეტილებით კომპანია ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად, დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, დაევალა სავაჭრო ობიექტების (მაღაზიების) გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა და მოპოვებული ჩანაწერების სრულად წაშლა/განადგურება,”- აღნიშნულია ანგარიშში.

ვიდეოთვალთვალის ფაქტები გამოვლინდა კიდევ ერთ კერძო კომპანიაში, რომელსაც ვიდეო კამერა ბავშვთა ჰიგიენისთვის განკუთვნილ ორ სივრცეში ჰქონდა დამონტაჟებული.

კომპანიებს, სადაც თვალთვალი წესების დარღვევით მიმდინარეობდა დაევალათ, ვიდეო გადაღების შესახებ გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება, დასაქმებულთა ინფორმირება და სხვა წესების დაცვა.

თანამშრომლებზე თვალთვალი მხოლოდ კერძო სექტორში არ ხდება. დასაქმებულების უფლებების დამრღვევთა შორის ერთ-ერთი გამგებელიც მოხვდა, მუნიციპალიტეტის გამგებელი თანამშრომლების სამუშაო გრაფიკს ვიდეოსათვალთვალო სისტემისა და მობილური აპლიკაციის მეშვეობით აკონტროლებდა.

magti 5g