მელომანთა და კრიტიკოსთა უმრავლესობა ერთხმად თანხმდება, რომ კანიე უესტი ასევე ბოლო დროს ცნობილი როგორც – Ye – ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორი შემსრულებელია. მისი საკონცერტო ნომრები ყოველთვის გამოირჩევა ვიზუალური ხელოვნების, თეატრალურობისა და უბადლო ენერგიის სინთეზით, ასევე მასშტაბური ქორეოგრაფიით, განსაცვიფრებელი განათებებითა და ღრმა ემოციებით.
ახლახან, ოფიციალურად დაანონსდა, რომ რეპერი 20 წელზე მეტ ხნიანი მუსიკალური კარიერით, საქართველოში კონცერტს გამართავს.
ცნობილია, რომ ჰიპ ჰოპ არტისტი 12 ივნისს თბილისში, დინამო არენაზე წარდგება.
,,ფორტუნა პლუსი” გთავაზობთ კანიე უესტის ტოპ პერფორმანსებს, რომლებიც საკულტოდაა აღიარებული…
2008 წელი, ,,გრემის” 50-ე დაჯილდოება
დედის გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, კანიემ სიმღერით – Hey Mama სცენაზე უპრეცედენტო ემოციური დაუცველობა და ტკივილი გამოხატა. მისი შესრულება ,,გრემის” საიუბილეო, 50-ე დაჯილდოებაზე ფართოდაა აღიარებული, როგორც მისი ერთ-ერთი ყველაზე გულწრფელი და დაუვიწყარი მომენტი. მუხლებზე დაჩოქილმა ცრემლიანმა რეპერმა მაშინ მსოფლიო აატირა.
Hey Mama-ს ემოციურ ნაწილამდე, კანიემ Daft Punk-თან ერთად, Stronger შეასრულა.
2010 წელი, MTV Video Music Awards
კანიეს საკულტო ჰიტის – Runaway შესრულება MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე გამოირჩეოდა საოცარი ვიზუალური ეფექტებითა და მასშტაბურობით. 2009 წლის VMAs-ის სკანდალის შემდეგ, კანიე სცენაზე წითელი კოსტიუმით, ბალერინების თანხლებით წარდგა. ეს პერფორმანსი მისი ხელახალი დაბადებისა და ალბომის – My Beautiful Dark Twisted Fantasy ტრიუმფალური ეპოქის დასაწყისად იქცა.
2015 წელი, BRIT Awards
ფეთქებადი და ინტენსიური გამოსვლა სიმღერაზე – All Day, რომელიც სავსე იყო აგრესიული რეჩიტატივით, ცეცხლის ეფექტებით, ველური ენერგიითა და ბრიტანული რეპის სცენის ვარსკვლავების, მათ შორის Skepta და Stormzy მონაწილეობით.
2013 წელი, Saturday Night Live
ალბომის – Yeezus გამოსვლის წინ, კანიემ SNL-ის სცენაზე სიმღერის – Black Skinhead შესრულებით, ნამდვილი მუსიკალური რევოლუცია მოაწყო. ეს ენერგიული პერფორმანსი რეპერის სრულ ტრანსფორმაციას ასახავდა – იყო აგრესიული, დაძაბული და ინოვაციური, რამაც ჰიპ-ჰოპ გამოსვლების სტანდარტები ახალ საფეხურზე აიყვანა.
2015 წელი, Hollywood Bowl
კანიემ თავისი ყველაზე გავლენიანი ალბომი – 808s & Heartbreak სრულად ცოცხალი ორკესტრის, გუნდისა და თეატრალური დადგმის თანხლებით წარადგინა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო კონცერტის ფინალური ნაწილი, როცა მან Pinocchio Story-ით 10 წუთის განმავლობაში პირდაპირ და დაუფარავად გამოხატა დიდებით გამოწვეული ტკივილი.
2016 წელი, Saint Pablo Tour
ეს ტურნე ერთ-ერთია კანიეს შემოქმედების სამი ეპოქალური კონცერტების სერიიდან.
ჩრდილოამერიკული ტურნე, რომელიც მეშვიდე სოლო სტუდიური ალბომის – The Life of Pablo მხარდასაჭერად გაიმართა, ხშირად სახელდება უესტის ყველაზე ამბიციურ შოუდ. კანიე მაყურებლების თავზე მოძრავ, მფრინავ სცენაზე იყო დამაგრებული, რაც კონცერტებზე უნიკალურ ატმოსფეროს ქმნიდა.
2013-2014 წლები, The Yeezus Tour
მასშტაბური თეატრალური დადგმა გიგანტური მთით, რელიგიური მოტივებითა და უესტის საფირმო ნიღბებით.
2007-2008 წლები, Glow in the Dark Tour
ფუტურისტული, სამეცნიერო ფანტასტიკის სტილის შოუ კოსმოსური ხომალდის დიზაინით.
როგორც ცნობილია, კანიე უესტი საქართველოში იმ მასიურ, ნახევარსფეროსებრ კონსტრუქციას ჩამოიტანს, რომელიც დედამიწის მოდელს წარმოადგენს და რომლითაც ის ლოს-ანჯელესში, ახალი ალბომის – Bully საპრეზენტაციო შოუებზე წარდგა.