გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მთელ მსოფლიოში. მათი უმრავლესობა სისხლძარღვებში სისხლის შედედების ფორმირების შედეგად ჩნდება.
სისხლის შედედებას მკურნალობენ ისეთი მედიკამენტებით, რომლებიც სისხლის გათხელებას უწყობს ხელს. ესენია – ანტიკოაგულანტები, რომლებიც ძირითადად აბების სახით გამოდის, თუმცა იშვიათად წარმოდგენილია ინიექციის სახითაც.
ანტიკოაგულანტები, როგორც წესი, ხანგრძლივი დროით ინიშნება, თუმცა ამ პრეპარატების მიღებას საკმაოდ სერიოზული რისკიც ახლავს, კერძოდ, სისხლდენის განვითარების რისკი. ამიტომ სისხლის გამათხელებელი პრეპარატები აუცილებლად ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ, რომელიც ინდივიდუალურად განსაზღვრას დოზებსა და მკურნალობის ხანგრძლივობას.
კარდიომაგნილი გახლავთ სისხლის გამათხელებელი პრეპარატი, რომელიც ხელს უშლის თრომბების წარმოქმნას და თავიდან აგაცილებთ ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორებიცაა:
- თრომბოზები და ემბოლიები;
- გულის უკმარისობა;
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- არასტაბილური სტენოკარდია;
- იშემიური ინსულტი;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
- შაკიკი და სხვა.
კარდიომაგნილის მიღება ასევე რეკომენდებულია სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციების (აორტაკორონარული შუნტირება, არტერიოვენოზური შუნტირება, საძილე არტერიების ენდარტერექტომია, კორონარული არტერიების ანგიოპლასტიკა და სტენტირება, საძილე არტერიების ანგიოპლასტიკა) შემდგომ პერიოდში.
კარდიომაგნილის მიღების წესი და დოზირება
კარდიომაგნილის ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, წყლის მიყოლებით. სურვილისამებრ შეგიძლიათ ტაბლეტის შუაზე გაყოფა, დაღეჭვა ან დაფშვნა.
რაც შეეხება პრეპარატის დოზირებას:
არასტაბილური და სტაბილური სტენოკარდიის პროფილაქტიკისთვის, მიოკარდის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკისთვის, იშემიური შეტევისა და იშემიური ინსულტის პროფილაქტიკისთვის, სისხლძარღვებზე ოპერაციის და ინვაზიური ჩარევების შემდგომი თრომბოტული გართულებების პროფილაქტიკისთვის ინიშნება: კარდიომაგნილის 1 ტაბლეტი, დღე-ღამეში 1-ჯერ.
ვისთვის არ შეიძლება კარდიომაგნილის მიღება?
კარდიომაგნილი უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომლებსაც:
- ხანმოკლე პერიოდის წინ აღენიშნებოდათ სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან ან აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში);
- ხანმოკლე დროის წინ გადატანილი აქვთ სისხლჩაქცევა თავის ტვინში;
- თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება ან სისხლდენებისადმი მიდრეკილება აქვთ.
- ჰემოფილიის, ჰემორაგიული დითეზის, თირკმელების უკმარისობის და ჰიპოპროთრომბინემიის დროს.
- ასმ-თი ან სალიცილატებით გამოწვეული ბრონქული ასთმა ან ალერგია.
- ორსულობის დროს, განსაკუთრებით I – II ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში.
- კარდიომაგნილი არ ინიშნება ბავშვებში.
საშიშია თუ არა კარდიომაგნილის დოზის გადაჭარბება?
კარდიომაგნილის დოზის გადაჭარბებას შესაძლოა მოჰყვეს სერიოზული გართულებები, კერძოდ:
მუცლის ტკივილი, გულისრევა და პირღებინება (ზოგჯერ სისხლით), თავბრუსხვევა, ოფლიანობა, მოუსვენრობა, გახშირებული სუნთქვა ან სისხლდენის დროის გახანგრძლივება, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს გულის რიტმის დარღვევა, ძალიან იშვიათად კი შესაძლოა, განვითარდეს ფილტვების შეშუპებაც კი.
ჰიპერდოზირების შემთხვევაში, ნებისმიერი ჩამოთვლილი სიმპტომის გამოვლენისას, მიმართეთ ექიმს. მანამდე ჩაიტარეთ კუჭის ამორეცხვა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მიღებაც.
(R)