23 წლის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახისთვის, გაურკვეველია, თუ რა უნდოდა დაკარგულს მარნეულსა და თეთრიწყაროში, რადგან იქ არც ახლობლები ჰყავთ და არც თავადაა ნამყოფი.
მათი ვერსიით, გოგონა შესაძლოა, ვინმეს მოტყუებით წაიყვანა, თუმცა ამას დაზუსტებით ვერ ამბობენ.
“ბოლო კამერამ, ხაიშში დააფიქსირა მანქანა. შეიძლება ეგრე დაუბარა ვიღაცამ, ეს ჩემი ვერსიაა. ის მარტო არ არის, ვიღაცა ეხმარება, თუ ძალადობის მსხვერპლია. არ ვიცი, ფაქტია, რომ ეს ჩემი შვილი რომ იყოს კარგად და ჯანმრთელად, მე ასე არ გამიმეტებდა, რომ ვააკუუმში ვიყო და ვნერვიულობდე, ჩემი ემოციურობის ამბავი იცის,”- აცხადებს დაკარგული გოგონას დედა “მთავარ არხთან” საუბარში.
გოგონას ახლობლები მოტივზე ვერ საუბრობენ. გამორიცხავენ შეყვარებულის ვარიანტსაც.
“შეყვარებული არ ჰყოლია. ორი სამსახური ჰქონდა , სახლიდან მუშაობდა და თან სწავლობდა. გარეთაც იშვიათად გადიოდა, ისიც დაქალთან,”- ამბობს ახლობელი.
სამართალდამცველების განმარტებით, ისინი ყველა ვერსიაზე მუშაობენ. თამარ ბაჩალიაშვილს მესამე დღეა, რაც მაშველები ეძებენ.
გოგონა ქვემო ფონიჭალიდან 18 ივლისს, დილის საათებში გავიდა. ვიდეოკამერებმა მისი ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. ამის შემდეგ კვალი იკარგება. ჯერჯერობით არც დაკარგულის ავტომანქანაა ნაპოვნი.