LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგი ბიჭი ვარო, ექიმს უპასუხია” – დედის ინფორმაციით, რეზი ნასიძემ მორფიუმი მოითხოვა

nasidze

ექიმზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, რევაზ ნასიძის დედა, თამარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, ცოტა უფრო ადრე კი, ჰაიმორიტი.

ნიშნიანიძის თქმით, ის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი ტემპერატურით და თავის ძლიერი ტკივილით გადაიყვანა. დედის განმარტებით, ნასიძემ საავადმყოფოში არა ნარკოტიკი, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, მათ შორის, მორფიუმი მოითხოვა.

„რეზიმ მომიყვა, ექიმს ვუთხარი, ძალიან მაგარი თავის ტკივილები მაქვს, დამამშვიდებელი გამიკეთეთო. დამამშვიდებელი არ გვაქვსო, უთქვამს ექიმს. მაშინ, მორფიუმი ან ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი გამიკეთეთო, უთქვამს. მორფიუმი ჩემგანაც იცის, რადგან ონკოლოგიური პაციენტი ვარ. მორფიუმი იმიტომაა საავადმყოფოში, ადამიანს არანორმალური ტკივილი როცა აქვს, გაუყუჩონ.

ეტყობა, მარტო რომ იყო, თან ძალიან ახალგაზრდა, მორფი რომ ახსენა, ჩათვალეს, რომ ნარკომანი იყო. თავი გამიყუჩეთ, ძალიან ცუდად ვარ, როგორ მელაპარაკებით ან რა ტონით ან რა ძმაოებით, ექიმი ხარ თუ ძველი ბიჭიო, რეზის უთქვამს. არა, კარგი ბიჭი ვარო, ექიმს უპასუხია. კაი ბიჭი კი არა, უზრდელი ხარო, შეეპასუხა რეზი. უზრდელიც ხარ და გაუზრდელიცო ექიმს უთქვამს და დაწოლილმა რეზიმ მოიქნია ხელი, რომელიც ექიმს მოხვდა.

მთავარი ექიმი ამბობს, რომ სხეულის სხვადასხვა ადგილზე დაჟეჟილობები აქვს მიღებულიო. საოცარია, რანაიდრად უნდა მიეღო დაჟეჟილობები, დაწოლილი პაციენტის ხელის მოქნევით, რომელიც არ ამდგარა. ეს ინციდენტი რამდენიმე წამში ამოიწურა,“ – აცხადებს ნიშნიანიძე.

როგორც ის განმარტავს, საავადმყოფოში მოხვედრამდე, რევაზ ნასიძე რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობას სახლში გადიოდა.

რეზი ნასიძეს ბრალს დღეს წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, მან თბილისში, წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ამ დროისთვის ბრალდებული საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას, რომლის ბადრაგირებას პოლიციელები ახორციელებენ.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g