LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარგია, ცუდია, თუ სხვა არჩევანი არ გვაქვს – როგორ აფასებენ ინფექციონისტები ჩინურ ვაქცინას, რომელიც საქართველოში მალე შემოვა

450
VAQCINACIA

საქართველოში ვაქცინაცია ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს, მაგრამ  საზოგადოებაში მის მიმართ ნდობა მაღალი არაა.

როდესაც ვაქცინის შემოტანა ქვეყანაში პრობლემა გახდა და დაპირებული „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანა გადაიდო, ბევრი საუბრობდა, რომ ჩინური ვაქცინით აცრა არც თუ ისე ცუდი იყო, მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენი მეზობელი თურქეთი, უკვე დიდი ხანია ამ ვაქცინით ცრიდა მოსახლეობას.

მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრმა  განაცხადა, რომ იმ პერიოდში იგეგმებოდა ჩინური ვაქცინის შემოტანა და პოპულარიზაციის მიზნით, საჯაროდ აპირებდა ჩინური ვაქცინით აცრას.

მოგვიანებით ჯანდაცვის მინისტრის გეგმები შეიცვალა. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვიდა და მინისტრიც სწორედ ამ ვაქცინით აიცრა.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ჩინური ვაქცინის 100 ათასი დოზის შემოტანა იგეგმება.

რატომ არის ჩინური ვაქცინა კარგი - გამყრელიძის განმარტება

"ჩინური ვაქცინა გამოიყენება ძალიან ბევრ ქვეყანაში".

 

„ფორტუნამ“ ინფექციონისტებს ჰკითხა, რამდენად კარგია ჩინური ვაქცინა და რამდენად შესაძლებელია, რომ მას საქართველლოში ნდობა გამოუცხადონ.

 

როგორ უნდა გაიზარდოს ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი

 

„ამ დროისთვის საქართველოში 2 ყველაზე კარგი რეპუტაციის  ვაქცინაა, მაგრამ ამის მიუხედავად ვაქცინაციის პროცესი არაა ისეთი, როგორსაც ვისურვებდით. მგონია, რომ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია უნდა გაძლიერდეს. ეს  იმის გარანტი იქნება, რომ მოსახლეობა აქტიურად ჩაერთოს ვაქცინაციაში. სხვანაირად პანდემიის დამარცხებას ვერ მოვახერხებთ.

ვაქცინებს მწარმოებელი ქვეყნების მიხედვით არ დავყოფდი. ეს სწორი დახარისხება და სწორი დაყოფა არაა. მთავარია, ვაქცინას ჰქონდეს აღიარება საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ, როგორიცაა მაგალითად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და  ევროპისა და ამერიკის წამლის სააგენტოები.  თუ მისი აღიარება მოხდა, ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანაში მზადდება. მით უმეტეს ჩინეთი მოწინავეა კორონავირუსთან ბრძოლაში.

შესაძლოა, სანამ  ჩინური ვაქცინა შემოვა ბსაქართველოში, მან უკვე მიიღოს აღიარება, რადგან უკვე გამოცდილი ვაქცინაა და დიდი ალბათობით არის იმის შანსი, რომ აღიარებული იქნეს მსოფლიოს სერიოზული ინსტიტუტების მიერ და მის მიმართ კითხვის ნიშნები აღარ გვექნება.

ეს ის ვაქცინაა, რომლითაც ჩვენი მეზობელი თურქეთი და აზერბაიჯანი ცრის თავის მოსახლეობას.

თურქეთი საკმაოდ მდიდარი და გავლენიანი ქვეყანაა, კარგი ჯანდაცვის სისტემა აქვს და როცა მან „სინოფარმზე“ გააკეთა არჩევანი, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს.

კვირის ბოლოს საქართველო ჩინეთიდან ვაქცინას ელოდება: ტიკარაძე

მინისტრმა თქვა, რომ ჩინური ვაქცინა უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის მიერაა აღიარებული.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მაღალი ხარისხის ვაქცინა გვქონდეს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია სწორად მივაწოდოთ საზოგადოებას. ამ წუთს საქართველოში ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინებია, მაგრამ მაღალი ხარისხის ვაქცინაცია არ მიმდინარეობს.

ეს პრობლემა აქვს ძალიან ბევრ ქვეყანას, მხოლოდ საქართველოში არაა. უნდა გავითვალისწინებთმ ისიც, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი აიცრება, მით უფრო მეტი შანსი იქნება, რომ ეკონომიკა გაიხსნას  და უფრო მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – ამბობს „ფორტუნასთან“ საუბარში ალექსანდრე გოგინავა.

 

რა შემთხვევაშია გამართლებული ჩინური ვაქცინის არჩევა

 

„ჩინური ვაქცინა არაა აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ან სხვა რომელიმე მარეგულირებლის მიერ. ეს თავისთავად სასურველი ფაქტი არაა. საქართველოში ამ დრომდე რაც ვაქცინაც შემოუტანიათ, ყველა არის პრეკვალიფიციფრებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამ დრომდე ჩვენი ქვეყანა ამ პრინციპს მიყვებოდა. ამ პრინციპიდან გადახვევა თავისთავად კარგი არაა. მეორე საკითხია, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა გარკვეულწილად ჩამორჩება ევროპული და ამერიკული ვაქცინების ეფექტურობას.

ვიცით, რომ საერთაშორისო ასპარეზე ვაქცინების დიდი დეფიციტია. თუ ჩვენს ქვეყანას ეს ერთადერთი გამოსავალი ჰქონდა დარჩენილი, მაშინ გასაგებია, მთავრობის  გადაწყვეტილება – მხოლოდ ეს ფაქტორი ამართლებს მასზე არჩევანის გაკეთებას.

ჩვენ უბრალოდ არ ვიცით მცდელობები როგორი იყო და რამდენად ამოწურულია ყველა რესურსი, რომ  სხვა ვაქცინა გვქონდეს და თუ ყველა რესურსი ამოწურულია, ალბათ სხვა ვაქცინის შემოსვლას სჯობს, რომ შემოვიდეს ჩინური. რა თქმა უნდა, ყველა გზა უნდა მოსინჯულიყო“, – ამბობს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

 

როგორ დაამარცხეს ჩინეთში კორონავიურუსი – ვაქცინა თუ ჯოგური იმუნიტეტი

 

„ეს არის პასუხგაუცემელი კითხვა. ყველას აოცებს და სვამს კითხვას, როგორ მოახერხა ჩინეთმა ვირუსის ასე შეჩერება. ეს ფაქტობრივად პარადოქსური სიტუაციაა. მხოლოდ ამ ვაქცინით ეს შეუძლებელი იქნებოდა. თუნდაც იმიტომ რომ მისი ეფექტურობა 80 %-ზე დაბალია. ჯოგური იმუნიტეტიც, თუ მათ სტატისტიკას დაეჯერება, ვერ უნდა მიღწეულიყო, იმიტომ რომ შემთხვევების რიცხვი არ იყო ნამდვილად ამდენი.

ჩინეთმა როგორ მიაღწია სტაბილიზაციას, ბევრისთვის  გაურკვეველია და ალბათ მომავალში გამოჩნდება, რა არის მთავარი საფუძველი იმის, თუ როგორ მოახერხა ჩინეთმა იმ შედეგის მიღწევა.“ – აცხადებს ბუწაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.

რომელ ვაქცინით აიცრებოდა მაია ბუწაშვილი

 

პირადად მე გადავიტანე კოვიდი და შესაბამისად არ ავცრილვარ. ზოგადად ვაქცინების ბაზას თუ გადავხედავთ, მე უპირატესობას  „ნოვავაქსს“ მივანიჭებდი.

მას ამერიკული კომპანია აწარმოებს. რეალურად ვაქცინების გამოცდას სჭირდება დიდი დრო,  5- 10 წელი. გასაგებია, რომ ბიოლოგიური მექანიზმებით ეს ვაქცინები სამომავლოდ უსაფრთხოა, მაგრამ პრაქტიკაში ეს ჩვენ არ ვიცით, განსაკუთრებით ეხება იმ ვაქცინებს, რომლებიც ახალი ტექნოლოგიებით არის დამზადებული, რაც კიდევ უფრო ბევრ შეკითხვას აჩენს. „ნოვავაქსი“ კი  დამზადებულია ტრადიციული და აპრობირებული მეთოდით. დამზადების მეთოდით შეიძლება შევადაროთ შევადაროთ გრიპისა და ბე ჰეპატიტის ვაქცინას.  ანუ რასაც ჩვენ ტრადიციულად მიჩვეული ვართ. პლიუს მწარმოებელი კომპანიის ავტორიტეტიც უფრო მეტ ნდობას იმსახურებს“, – თქვა მაია ბუწაშვილმა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინირებულია 7832 ადამიანი.

ჩინური ვაქცინის მიმართ მოსახლეობაში ნდობა საკმაოდ მაღალია: ეკატერინე ტიკარაძე

magti 5g