LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარმაზე თუ გსმენიათ რამე? ნუ დაწერთ შეურაცხმყოფელ კომენტარებს, სოციალურ ქსელში დაწერილი სიტყვებიც ისეთივე ძალას ატარებს, როგორც პირისპირ ნათქვამი“ – რა მიმართვას ავრცელებს ლითეროთერაპევტი თამუნა იოსელიანი

131
თამუნა იოსელიანი

ლითეროთერაპევტი, ჟურნალისტი და ფსიქოლოგი თამუნა იოსელიანი, რომელიც სოციალურ ქსელში გამომწერებს სხვადასხვა რეკომენდაციით ხშირად მიმართავს, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს.

აღნიშნულ სტატუსში თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელებში კომენტარების სახით გავრცელებულ და დაგროვებულ აგრესიასა და ნეგატივზე და კარმის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„კარმაზე თუ გსმენიათ რამე? ბევრი ნაცნობი სახეების კომენტარი მხვდება და კარგახანია ერთი რამ განსაკუთრებით მაფიქრებს…

სოციალურ ქსელებში ხშირად ვხედავთ, როგორ აგროვებენ ასობით უარყოფით კომენტარს თავისი პოსტის გარშემო ლაიქების თუ სხვა ნაცნობი მიზეზების გამო. ვითომდა აი, რა კარგი და მართალი ტიპი ვარო… ერთმა დაწერა, მეორემ გაიმეორა, მესამეც აჰყვა… და ნელ-ნელა ეს უბრალოდ ჯგუფურ უარყოფით ემოციად იქცევა.

მინდა ერთი რამ გთხოვოთ. ნუ აჰყვებით ამ ტალღას!

ნუ უბიძგებთ „ბლოგერებს“, რომ ნეგატივი და დაცინვა გახადონ ნორმა!

ნუ დაწერთ შეურაცხმყოფელ კომენტარებს მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებიც ასე იქცევიან. სხვისი დამცირება არავის ამაღლებს და არც უკეთეს ადამიანად გვაქცევს!

ყოველ ჩვენგანს აქვს არჩევანი, გავავრცელოთ აგრესია თუ პატივისცემა, გავაღრმაოთ დაპირისპირება თუ შევინარჩუნოთ ღირსება.

სანამ კომენტარს დაწერთ, ერთი წამით დაფიქრდით: ეს სიტყვები რეალურ ცხოვრებაშიც რომ მეთქვა, მაინც დავწერდი?

სოციალურ ქსელში დაწერილი სიტყვებიც ისეთივე ძალას ატარებს, როგორც პირისპირ ნათქვამი.

ნუ მიჰყვებით ბრბოს მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრია. ყველაზე დიდი ძალა ხშირად სწორედ იმ ადამიანს აქვს, ვინც უარყოფით ტალღას არ აჰყვება.

გახსოვდეთ, ყურადღებაც ენერგიაა. ზოგჯერ საუკეთესო გადაწყვეტილებაა, უბრალოდ არ ჩავერთოთ იმაში, რაც მხოლოდ დაპირისპირებასა და ნეგატიურ ემოციებს აძლიერებს.

და ბოლოს – კარმაზე თუ გსმენიათ?

არ აქვს მნიშვნელობა, ვინ რას ამბობს ან რას აკეთებს. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ვუშვებთ სამყაროში ჩვენ.

კარმა არ არჩევს ონლაინსა და რეალურ ცხოვრებას. ყოველი სიტყვა, ემოცია და ქმედება თავის კვალს ტოვებს.

ამიტომ, სანამ რამეს დაწერთ, დაპოსტავთ, თუნდაც იყოთ მართალი, ჰკითხეთ საკუთარ თავს: მსურს, რომ ზუსტად ასეთი ენერგია ოდესმე ჩემს ცხოვრებაშიც დაბრუნდეს?

სიკეთე, პატივისცემა და ღირსება არასოდეს გადის მოდიდან.

თუ ფიქრობთ, რომ სოციალურ ქსელებში ერთმანეთის პატივისცემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ლანძღვა და დაცინვა, გააზიარეთ ეს პოსტი.

იქნებ სწორედ ასეთმა სიტყვებმა მიაღწიოს იმ ადამიანებამდეც, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება მათი წაკითხვა.

ზოგჯერ ერთი მშვიდი ხმა უფრო მეტს ცვლის, ვიდრე ასი გაბრაზებული კომენტარი.

„სიკეთეც გადამდებია. მოდი, სწორედ ის გავავრცელოთ“, – წერს თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები