LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კავკასიური ცარცის წრე: კარგავს თუ არა რუსეთი სამხრეთ კავკასიას

200
FORTUNA.GE (50)

მოსკოვსა და ბაქოს შორის კონფლიქტი არ დასრულებულა. რუსეთს სერიოზული არგუმენტები არ აქვს. მოუწევს თუ არა ისედაც არც თუ სახარბიელო მდგომარეობაში ჩავარდნილ რუსეთს დათმოს სამხრეთ კავკასია, მით უმეტეს, რომ ბოლო ათწლეულებში მისი მოკავშირე სომხეთიც თანდათან ზურგს აქცევს.

რა პროცესები იწყება ურთულეს რეგიონში – სამხრეთ კავკასიაში?

„ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ ინტენსიურად მიმდინარეობს რუსეთის ფეხის ამოკვეთა სამხრეთ კავკასიიდან. ამის მთავარი ინიციატორია თურქეთი. მოსკოვი ასახელებს კონკრეტულ პირსაც. ეს გახლავთ ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი რიჩარდ მური, რომელიც თურქეთში ელჩი იყო და ხელი შეუწყო ერდოღანი გამხდარიყო ხელმძღვანელი.

რუსეთი ცდილობს დაიბრუნოს გავლენები. მან სომხეთს არ დაუჭირა მხარი და ახლა უნდა, რომ ეს ერთ კაცს შეაწმინდოს. სომხეთში განვითარებული მოვლენები, ფაშინიანის ქცევა ეკლესიის მისამართით, ამის გამოძახილია. მოკლედ, ბრძოლა მიდის გავლენებისთვის – რუსეთი, დასავლეთი, ძირითადად თურქთი და ჰორიზონტზე მოჩანს ჩინეთიც“, – უთხრა „ფორტუნას“ ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძემ.

რუსეთი სამხრეთ კავკასიას კარგავს

ძალიან მოკლედ გავიხსენოთ რა მოხდა რეგიონში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.

წლების განმავლობაში კრემლი სომხეთის ერთგული მოკავშირიდან აზერბაიჯანის მეგობრად გადაიქცა, რომელსაც მინიმუმ ხელი არ შეუშლია თურქეთის პირდაპირი სამხედრო დახმარებით და ისრაელის ტექნიკური დახმარებით ესარგებლა მთიანი ყარაბაღის საკითხში.

შემდეგ მოსკოვმა, ანკარამ და ბაქომ სომხეთს მოთხოვეს, გაეხსნათ ე.წ. „ზანგეზურის დერეფანი“, ქვეყნის სამხრეთით გამავალი სატრანზიტო გზა, რომელიც ხმელეთით დააკავშირებდა თურქეთსა და აზერბაიჯანს (და შესაბამისად, რუსეთსა და თურქეთს), მათი კონტროლის ქვეშ იქნებოდა და ამით სომხებს მოწყვეტდა მათ უკანასკნელ პოტენციურ რეგიონულ სამხედრო მოკავშირეს – ირანს.

თუმცა ბოლო პერიოდში სწრაფი ცვლილებები მოხდა. ირანს ისრაელმა შეუტია და, როგორც ჩანს, დროებით მაინც გამოთიშა დიდი გეოპოლიტიკური თამაშებიდან. თითქმის პარალელურად სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ისტორიაში პირველი სახელმწიფო ვიზიტით თურქეთს ეწვია. ამ დროის განმავლობაში სომხეთმა რუსეთისგან დისტანცირება მოახდინა. ის უსაფრთხოების გარანტიებს დასავლეთში ეძებს.

არ დაგვავიწყდეს, რომ ზელენსკიმ ალიევს დაურეკა, რაც პუტინისადმი აშკარა გამოწვევა იყო. მან ასევე დაურეკა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. საფრანგეთი კონფლიქტშია აზერბაიჯანთან სომხეთის მხარდაჭერის გამო. თავად სომხეთში პრორუსულ ოპოზიციასთან ბრძოლა დაიწყო.

ეს ყველაფერი იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რეგიონში მთავარ როლს ახლა არა რუსეთი, არამედ თურქეთი ასრულებს თავის მოკავშირე აზერბაიჯანთან ერთად. ხომ არ კარგავს კრემლი თანდათან სამხრეთ კავკასიას?

რამდენს იკამათებს ბაქო კრემლთან

რუსეთის ვიცე-პრემიერის ვიზიტის გაუქმება, რუსეთის ძალოვანებისადმი ოფიციალური ბრალდებები წამებასა და მკვლელობებში, ბაქოში დაკავებული რუსების ცემა, რეიდი რუსული საინფორმაციო სააგენტოს ოფისში და სახელმწიფო მედიაში რუსეთის ნაცისტურ გერმანიასთან შედარება – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნაბიჯებისა, რომლებიც აზერბაიჯანმა გადადგა ეკატერინბურგში ძმები საფაროვების გარდაცვალების შემდეგ.

კრემლმა ამას დემარში უწოდა, ხოლო რუსი პროპაგანდისტების ტონი ფორმალური მოკავშირის ქმედებების მიმართ გაუგებრობასა და გაღიზიანებას გამოხატავს.

მსგავს ეპიზოდებს აქამდე არასდროს ჰქონია ასეთი გავლენა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. 2021 წელს ნოვოსიბირსკში დაკავების დროს აზერბაიჯანელი გარდაიცვალა, ხოლო 2020 და 2023 წლებში აზერბაიჯანული ჯარების ქმედებების შედეგად რუსი ჯარისკაცები დაიღუპნენ.

ეკატერინბურგში მომხდარი კი შესაძლოა მიზეზი კი არ იყოს, არამედ იმ უთანხმოების სიმპტომი, რომელიც გასული წლის დეკემბერში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ვერ მოგვარდა.
როგორც ამბობენ, რუსულმა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეცდომით ჩამოაგდეს აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი, რის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. პუტინმა ბოდიშიც მოიხადა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მოითხოვა რუსეთს პასუხისმგებლობა აეღო და დეტალური გამოძიება ჩაეტარებინა.

საბაბი მიზეზის გადასაფარად

აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა ევროპის უნივერსიტეტის პროფესორმა, აღმოსავლეთმცოდნე ემილ ავდალიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში.

„ბაქოსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა 2024 წლის დეკემბრიდან დაიწყო, როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანის თვითმფრინავს ესროლეს, ხოლო ეკატერინბურგში, მომხდარმა მოვლენამ მეტად გაამძაფრა ორი ქვეყნის ურთიერთობები.

ვფიქრობ, აღნიშნული მოვლენები მაინც უფრო საბაბს წარმოადგენს, ვიდრე დაძაბულობის რეალურ მიზეზს. მას შემდეგ, რაც 2023 სექტემბერში ბაქომ მთიან ყარაბაღზე კონტროლი სრულად დაიბრუნა, რასაც რუსი სამშვიდობოების გასვლაც მოყვა, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში გარდაუვალი იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები.

ბაქოს პოლიტიკური დამოკიდებულება მოსკოვზე შემცირდა. ამასთან ერთად, აზერბაიჯანი აქტიურად ეწევა სხვა მნიშვნელოვან მოთამაშეებთან ურთიერთობების გაღრმავებას. მაგალითად, ბოლო თვეებში ვხედავდით ბაქოს გააქტიურებას პაკისტანთან, აშშ-თან, ევროკავშირთან, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, ისრაელთან და ა.შ.

ამას უნდა დაემატოს გაუმჯობესებული ურთიერთობები ირანთან, ტრადიციულად მჭიდრო კავშირები თურქეთთან. რასაკვირველია, რუსეთს, რომელიც მიისწრაფვის სამხრეთ კავკასიაში მთავარი როლისკენ, აზერბაიჯანის საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს.

ამასთან, რუსეთისთვის აზერბაიჯანი მნიშვნელოვან, როგორც სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე სატრანზიტო პარტნიორს წარმოადგენს. ზუსტად აზერბაიჯანზე გადის ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის დასავლეთის მონაკვეთი, რომლითაც რუსეთი ირანს, სპარსეთის ყურესა და ინდოეთს უკავშირდება.

ბაქოში კარგად ესმით ეს უპირატესობა, რაც ნაწილობრივ ხსნის კიდეც აზერბაიჯანის ასეთ მოულოდნელად მკაცრ რეაგირებას ეკატერინგბურგში მომხდარ მოვლენებზე“.

ბოლო აქტი

რა ინსტრუმენტები აქვს მოსკოვს ბაქოზე ზეწოლისთვის? აზერბაიჯანში ოპოზიცია არ არსებობს. აქ ავტორიტარული რეჟიმია და შესაბამისად ხელისუფლების წინააღმდეგ ვერავის წააქეზებს.

რუსეთ-აზერბაიჯანის სავაჭრო ბალანსი მოსკოვის სასარგებლოდ კი არის, მაგრამ არც ის ითქმის, რომ ქვეყანა პირდაპირ რუსეთზეა დამოკიდებული. ეს უფრო ურთიერთდამოკიდებულებაა. საინტერესოა, რომ 2024 წელს პუტინმა ალიევთან განიხილა სქემები, რომლებიც სანქციების თავიდან ასაცილებლად რუსული ნავთობისა და გაზის აზერბაიჯანულად გაყიდვის საშუალებას მისცემდა.

და კიდევ, რუსეთს არ შეუძლია აზერბაიჯანის ომით შეშინება. მისი არმია უკრაინაშია ჩარჩენილი. და ალიევმა იცის, რომ მის უკან თურქეთი დგას.

სომხეთის გარდაქმნის მცდელობა

არსებობს ასეთი მოსაზრება: სომხეთს სურს აზერბაიჯანთან და თურქეთთან შერიგებით მოსკოვზე დამოკიდებულება შეამციროს და იმედი აქვს, რომ ბაქო შემხვედრ ნაბიჯებზე წავა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2024 წელს სომხეთმა უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა: მან გაყინა კრემლის ხელმძღვანელობით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მონაწილეობა (CSTO).
ერთი წლის შემდეგ, 2025 წლის დასაწყისში კი, სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას, რაც კრემლის გადმოსახედიდან მტრული ნაბიჯია.

ემილ ავდალიანი:

„სომხეთის საგარეო პოლიტიკური ქმედებები რეგიონში მიმდინარე პროცესებს ირეკლავს. სამხრეთ კავკასიაში კი ავტორიტეტის მსხვრევის ხანგრძლივი და საკმაოდ მტკივნეული პროცესი მიმდინარეობს.

ანკარაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ამ მიზანს ემსახურებოდა – თურქეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით სომხეთს მსხვილი ეკონომიკური შესაძლებლობები მიეცემა. გაიხსნება საზღვარი, სომხური ნაწარმი მსხვილ თურქულ ბაზარზე შეაღწევს და თურქული პორტებით ევროკავშირის ბაზრებამდეც მივა. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ხედვა სუფევს ერევანში.

სომხეთი ცდილობს, გარდაქმნას თავისი საგარეო პოლიტიკური კურსი, ნაკლებად იყოს დამოკიდებული ერთ რომელიმე მოთამაშეზე და მეტად მოქნილი საგარეო პოლიტიკა ააგოს.

თუმცა, ანკარა მიიჩნევს, პროგრესი აღნიშნულ საკითხზე დამოკიდებულია ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაზე. ორივე მხარემ დაადასტურა, რომ მუშაობა შეთანხმებაზე დასრულებულია.

მიუხედავად ამისა, ბაქო მიიჩნევს, რომ ხელმოწერამდე საქმე არ მივა, სანამ სომხეთის ხელისუფლება ქვეყნის კონსტიტუციაში არ შეიტანს ცვლილებებს და არ ამოიღებს იმ ჩანაწერს, სადაც სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის გაერთიანების საკითხია ნახსენები“.

შეძლებს თუ ვერა კავკასია ერთად დადგეს

„ფორტუნა“ ესაუბრა ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძეს.

არის იმის შანსი, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი, თუნდაც საერთო ინტერესის, ან საერთო მტრის გამო ერთად დადგნენ?

გამორიცხულია. პირველ რიგში იმიტომ, რომ ერთი მოკავშირეები ვერ ეყოლებათ. ერევანს არ სურს თურქეთის გავლენები იყოს. სომხეთს უნდა დასავლეთი და უპირველესად საფრანგეთი. საქართველო ბალანსის დაცვაზეა ორიენტირებული. მართალია ოპოზიცია უკიჟინებს რუსეთუმეობას, მაგრამ ასეც არ არის. თუმცა ცუდად იქცევიან თუ კარგად, ცუდია თუ არა ეს ნაბიჯები, ეგ უკვე მეორე საკითხია.

დასავლეთი? ევროპა წაახალისებს რაიმეთი სომხეთს?

დასავლეთს ძალიან გაუჭირდება, სანამ რაიმე სამხედრო ალიანსში არ გააწევრიანებს სომხეთს. ფიქრობენ ნატოს მიღმა რაღაც გააკეთონ. რაშია საქმე? დასავლეთის პოლიტიკური ელიტა არ არის მზად პასუხისმგებლობის გაზრდაზე, ვერ დგამს ნაბიჯებს. საქართველოსთან მიმართებაშიც 2008 წელს ვერ გაიგო რა გაეკეთებინა, უფრო სწორი ნათქვამი იქნება, ვერ ჩამოყალიბდა.
რეგიონში გეოპოლიტიკური გამოწვევებია და ყველას უნდა, რომ აკონტროლს სივრცე.

რუსეთი რას იზამს, თუნდაც უკრაინის ომის შემდეგ?

პირველ რიგში, გააჩნია როგორ დასრულდება ომი. თუ რუსეთი გამარჯვებული არ გამოვიდა, დამარცხებაზე არც ვსაუბრობთ, ენერგიული ნაბიჯების გადადგმა გაუჭირდება.

რეგიონის უახლოეს მომავალს პესიმისტურად ვუყურებ. სერიოზული ბრძოლა მიდის მსხვილ მოთამაშეებს შორის, რასაც შესაძლოა შეეწიროს არა მარტო ქვეყნების მთავრობები, ზოგიერთების ტერიტორიული მთლიანობაც კი. ზანგეზურის დერეფნის თემა უფრო გეოპოლიტიკაა, ვიდრე გეოეკონომიკა.

ჩვენი აზრი არავის აინტერესებს, მათ შორის არც რეგიონის მსხვილი მოთამაშის, აზერბაიჯანის. ასეთ შემთხვევაში უმჯობესი იქნება მხარეებმა საერთო დერეფნის, ერთობლივი კონცეფცია გამონახონ, მაგრამ ეს ნონსენსია. ერთობლივი კონტროლის კარის გახსნა კარგი კი იქნებოდა, სომხეთსაც სჭირდება თავისი დივიდენტები, მაგრამ აზერბაიჯანის ზღვარგადასული ამბიციების გამო გაჭირდება.

კავკასიური ცარცის წრე

ისედაც მუდამჟამს მდუღარე კავკასია, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ასობით კონფლიქტი და სისხლი გამოუვლია, ახალ გეოპოლიტიკურ ჭიდილს იწყებს. იტრიალებს წრეზე თუ გაარღვევს ბოლო საუკუნეები იმპერიის მფარველობის ქვეშ მყოფი კავკასია მოჯადოებულ წრეს და აღმოჩნდება თუ არა მშვიდობიანად ახალ, დასავლურ რეალობაში?!

გაგრძელება იქნება… თან ეს კავკასიური ამბავი აშკარად კარგა ხანს გაგრძელდება…

ფოტო: aljazeera
abcnews
aa.com.tr
politicsgeo

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g