„შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გამჭვირვალე კონსულტაციის გარე“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კელი დეგნანის თქმით, ლონდა თოლორაიასთან შეხვედრა იყო კარგი შესაძლებლობა სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან დიალოგისთვის. როგორც ელჩმა აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორი საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოქალაქეების უფლებების დაცვაში.
„მისი მოვალეობა ასევე არის საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების შესწავლა, ეს არის რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი სამუშაო. შემაშფოთებელია ინფორმაცია საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის ორ ნაწილად გაყოფას ითვალისწინებს. ეს პროცესი განხორციელდა სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, გამჭვირვალობის გარეშე.
ეს არის გაშვებული შესაძლებლობა იმისა, რომ სამსახური კიდევ უფრო განვითარებულიყო. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა აგვიხსნა, მისმა ოფისმა რამდენიმე დღის წინ საკუთარი საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესებულიყო სამსახურის ფუნქციონირება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისი თქმით, ყველაზე რთული ასახსნელი არის ის, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა შეიცავს დებულებებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამჟამად დასაქმებული პირები სამსახურიდან თავისუფლდებიან.
„ესენი არიან ექსპერტები, რომლებიც აკეთებენ თავიან საქმეს რამდენიმე წელია ისე, რომ პარლამენტისგან არ გამოუწვევიათ არანაირი პრეტენზია ან კითხვები. როდესაც სამსახური წარადგენდა მოხსენებებს საკუთარი ყოველწლიური საქმიანობის შესახებ, პარლამენტს არ ჰქონია არანაირი პრეტენზია, ან კითხვები. ასე რომ, რთული ასახსნელია, რატომ არის საჭირო ყველა კვალიფიციური თანამშრომლის გათავისუფლება იმ სამსახურის, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და დამოუკიდებელი უწყებაა.
უცნაური პროცესია ამ საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარება, როდესაც არ არის მისი დაჩქარების საჭიროება, კონსულტაციების არ არსებობა თავად სახელმწიფო ინსპექტორთან და მის თანამშრომლებთან. პარლამენტის მიმართ თხოვნა იქნება, „დააპაუზოს“ პროცესი, შეანელოს პროცესი, არ არის მიმდინარე კვირაში მისი დაჩქარების საჭიროება.
ამ პროცესის წარმართვა უნდა მოხდეს შესაბამისი ინკლუზიური, გამჭვირვალე კონსულტაციების გზით დაინტერესებულ მხარეებთან და განავითაროს მიდგომა, რომელიც ნამდვილად, რეალურად აუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეს იქნება ჩვენი რეკომენდაცია და ძლიერი თხოვნა,“ – განაცხადა ელჩმა.
ცნობისთვის, საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.
ვრცლად ამავე თემაზე:
“ქართული ოცნება” აგრძელებს დამოუკიდებელი ინსტიტუტების განადგურებას: ნათია მეზვრიშვილი
მდინარაძე: ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებმა შეინარჩუნონ სამსახურიაშშ-ს ელჩი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ლონდა თოლორაიას შეხვდება