37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მისი მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს, იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში ბრალდებული მკვლელობის ჩადენის მომენტში.
ჯაიანს ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად მოსამართლის განჩინების შემდეგ მოათავსებენ.
შეგახსენებთ, 37 წლის კესარია აბრამიძე თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში 18 სექტემბერს მოკლული იპოვეს.
კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. მას 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ინფორმაციით, 18 სექტემბერს, 26 წლის კაცმა ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა.
პროკურატურის ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს დანით 28 ჭრილობა აქვს მიყენებული.
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბექა ჯაიანს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა