საქართველოს პროკურატურამ გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს.
ამის შესახებ პროკურატურამ 21 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება.
საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს და გერმანიის ფედერაციის საგამოძიებო უწყებების მიერ ერთობლივი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, მისი ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართული და არ გამოვრიცხავს, რომ ძალიან მალე ქართული მხარე მასზე გავიდეს.
„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პოლიციის სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნეს და დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს. საქართველოში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში და სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ:
2015 წელს, საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებმა, პირდაპირი ფინანსური და სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ჩამოაყალიბეს შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილ მილიონობით ევროს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ჩემი ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი და ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში ამ დანაშაულებრივ სქემაში არიან ჩართული და არ გამოვრიცხავ, ძალიან მალე, ქართული მხარე მასზე გავიდეს. საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეები საქმეში შემთხვევით არ ფიგურირებენ“, – წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.
უკრაინული ჟურნალისტური წრეების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია მსგავსი „ქოლ-ცენტრების“ მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობის თაობაზე. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი მოიაზრება, – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოს და გერმანიის ფედერაციის საგამოძიებო უწყებების ერთობლივი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნის ფაქტს.
„ამ პოლიტიკურ ციებ-ცხელებაში ერთი საინტერესო მოვლენა ლამის გამოგვეპარა. გერმანიის სამართალდამცველებისა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში შემავალი უკლებლივ ყველა დანაყოფის მიერ, ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, გახსნილია ტრანსნაციონალური დანაშაული და დააკავებულია ამ ეტაპზე 7 ბრალდებული პირი.
ამ დანაშაულს საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს, როდესაც საქართველოსა და ისრაელის მოქალაქეებმა შექმნეს რა ტრანსნაციონალური სინდიკატი, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორიაზე – დააფუძნეს რამდენიმე შპს და „ქოლ-ცენტრი“, რომლის უცხო ენების მცოდნე ოპერატორები სთავაზობდნენ გერმანიის და ევროპის სხვა მოქალაქეებს შეღავათიან ფასებში ცნობილი ბიზნეს-ტრენდების აქციების, ფასიანი ქაღალდების, სასაქონლო აქტივების, კრიპტოვალუტის შესაძენად. ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
გამოძიება ჯერჯერობით მხოლოდ საწყის სტადიაზეა, თუმცა უკვე ამ ეტაპზე დადგინდა დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა – 9 490 991 ევრო, 716 642 აშშ დოლარი და 218 000 ბრიტანული გირვანქა სტერლინგი.
უკრაინული ჟურნალისტური წრეების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან, ჩემთვის ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია მსგავსი „ქოლ-ცენტრების” მათი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობის თაობაზე. ამ ეტაპზე, არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან დავით კეზერაშვილი მოიაზრება. ვერსია საინტერესოა, მით უმეტეს, თუ დადასტურდება უკვე საქართველოში დაპატიმრებული პირების მხრიდან ჩვენთან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“, – წერს ქართველიშვილი facebook-ზე.