სწრაფი კვების რესტორნების ქსელი KFC თბილისში ახალი რესტორნის გახსნისთვის ემზადება. ამ ეტაპზე რესტორანში სარემონტო სამუშაოები თითქმის დასრულებულია და კომპანია მას აპრილის ბოლოს გახსნის.
როგორც ”ფორტუნას” KFC -ის მარკეტინგის დირექტორმა, მაკო მეტრეველმა განუცხადა, ახალი ობიექტი ჭავჭავაძის 26 ნომერში გაიხსნება და აქ 20-დან 30 ადამიანამდე დასაქმდება.
”ეს არის რიგით მესამე რესტორანი, რომელსაც ვხსნით. ამ წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ რამდენიმე რესტორნის გახსნა, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით ეს ისევ თბილისში მოხდება, თუ საქართველოს რომელიმე სხვა ქალაქში”, – განმარტა მეტრეველმა.
მისივე ინფორმაციით, საბოლოო ჯამში დაგეგმილია KFC რესტორნების გახსნა მთლიანად საქართველოს მასშტაბით.
ცნობისთვის, კომპანიამ „Iberia Food Company”-მ ფრენჩაიზის ხელშეკრულებას ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან KFC (ქეი-ეფ-სი) ხელი 2014 წელს მოაწერა.